„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დიპლომატების მისამართით გაკეთებული განცხადების გამო „ქალ მავნებელს“ უწოდებს და საქართველოს ელჩებს მიმართავს, მას ყურადღება არ მიაქციონ.
როგორც ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა ქართულ საელჩოებსა და ელჩებს ყოველდღიურად შეურაცხყოფა მიაყენოს.
„ქალი მავნებელი. ყველაფერს აკეთებს, რომ ყოველდღიურად ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ საელჩოების, ელჩებს, წარმომადგენლობას შეურაცხყოფა მიაყენოს, იმიტომ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის” გვერდით არ დადგნენ საელჩოები. ამათ გვერდით, ამ უსამშობლოების გვერდით. შეურაცხყოფას აყენებს მათ.
მინდა, ჩვენს ელჩებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ქართულ კულტურას, ქართულ ღირებულებებს, ქართულ სახელმწიფო ინტერესებს იცავენ, მადლობა ვუთხრა, არ მიაქციონ ყურადღება ქალბატონ მავნებელს. რამდენიმე კვირა დარჩა და აღარ იქნება, გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი. სხვათა შორის, იმ ევროპულ სახელმწიფოებშიც დავნიშნავთ ელჩებს, სადაც ქალბატონი მავნებელი პროვოკატორობს და ელჩებს არ ნიშნავს. ყველაფერი დალაგდება“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ელჩებს დადუმებული უწოდა და განაცხადა, რომ მათ დიპლომატიის დღეს ვერ მიულოცავს.
„დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! – თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში, კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის? – ისტორია არ დაგივიწყებთ!“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.