ახმეტის სოფელ აწყურში, თეთრი გიორგის ეკლესიის ეზოში, სამრეკლოსთან დაკრძალული, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის, შეფიცულთა რაზმის წევრის ალექსანდრე სულხანიშვილის ნეშტი, ალავერდელი მიტროპოლიტის დავალებით ამოთხარეს და ეკლესიის უკანა მხარეს გადაიტანეს. საფლავი კი, რომელიც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ზვიად გამსახურდიას დავალებით იყო მოწყობილი, მთლიანად გაანადგურეს.
„ალბათ, ერთი წელი იქნება. ზუსტად არ ვიცი. ასე უკეთესიაო, სამღვდელოებამ თქვა.
ეს მაღალ დონეზეა შეთანხმებული ხელისუფლებასთან. მეუფე დავითი ისე არაფერს გააკეთებს“,
– გვითხრა თეთრი გიორგის ეკლესიის დეკანოზმა გიორგი ლომიაშვილმა.
ეკლესიის წინამძღვარს იოსებ ღვინიანიძეს ვკითხეთ, რა აუცილებლობამ განაპირობა ალექსანდრე სულხანიშვილის ნეშტის ამოღება და ეზოში, სხვა ადგილას, ტაძრის უკანა მხარეს გადატანა; ასევე, ზვიად გამსახურდიას დავალებითა და მისი ჩართულობით მოწყობილი საფლავის კვალის წაშლა: „საფლავის დემონტაჟი მოხდა. თქვენ რაში გაინტერესებთ? გადაწყვეტილება ვინც მიიღო, მას უნდა ჰკითხოთ“.
გადაწყვეტილება ალავერდელმა მიტროპოლიტმა, აბბა ალავერდელმა მიიღო, რომელიც ამავე დროს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარეა. მიტროპოლიტისგან და საქართველოს საპატრიარქოსგან წერილობითი მიმართვის მიუხედავადაც კი, განმარტება ვერ მივიღეთ.
თეთრი გიორგის ეკლესია, სამრეკლო და გალავანიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამიტომაც, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდანაც გამოვითხოვეთ ინფორმაცია კომპლექსში ჩატარებული სამუშაოების შესახებ. ალექსანდრე სულხანიშვილის ნეშტის ამოღებისა და საფლავის განადგურების გარდა, ძეგლის სტატუსის მქონე გალავანში არსებული ჭიშკარი გაუქმებულია, კარის ადგილი ახალაშენებული; ქვედა მხარეს გალავანი დაანგრიეს და ახალი შესასვლელია გაჭრილი ეზოში ავტომობილის შესაყვანად და გადახურული პარკინგის მოსაწყობად; სამრეკლოს ახალი ფართი მიაშენეს, რომელიც ზუსტად ალექსანდრე სულხანიშვილის საფლავს ესაზღვრებოდა. კანონით დადგენილი ყველა ვადის გასვლის მიუხედავად, სააგენტომ არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თეთრი გიორგის ეკლესიაში ე.წ. სარებილიტაციო სამუშაოები შპს „ჯიხამ“ ჩაატარა ააიპ „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის“ დაკვეთით, რომელიც თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუსთან“ არის დაკავშირებული. შპს „ჯიხას“ მესაკუთრე და დირექტორი პაატა ნუცუბიძეა, რომელმაც ხადის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მე-10 საუკუნის ქოროღოს კოშკი დაანგრია. პაატა ნუცუბიძემ არ უპასუხა „მთის ამბების“ კითხვებს თეთრი გიორგის ეკლესიის კომპლექსში ჩატარებულ სამუშაოებზე.
ალექსანდრე სულხანიშვილი დაიბადა 1896 წელს კახეთში, სოფელ აწყურში. 1918–1921 წლებში მსახურობდა საქართველოს ეროვნულ ჯარში. საქართველოს ოკუპაციისა და გასაბჭოების შემდეგ იბრძოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმში. იგი ქაქუცას ერთ-ერთი მოადგილე იყო.
ალექსანდრე სულხანიშვილი მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში, რომლის დამარცხების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და რაზმის სხვა წევრებთან ერთად, თურქეთში გადავიდა და მას შემდეგ, 66 წელი ემიგრაციაში გაატარა.
1950–იანი წლების დასაწყისიდან ალექსანდრე სულხანიშვილი ამერიკის ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი იყო. სათვისტომოს საქმიანობას ჩამოშორდა კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ.
ემიგრაციაში ყოფნისას გამოცემული აქვს წიგნები: „ხმა სიმართლისა: წითლების მოქმედება ნიუიორკის ქართულ სათვისტომოში” (მიუნხენი, 1962, სტ. არჩილ მეტრეველისა); „მოგონებანი შეფიცულთა რაზმზე, 1922–1924“ (სან–ფრანცისკო, 1981); „რა ხდებოდა მეტეხის ციხეში ქართველებს შორის 1923 და 1924 წლებში და ილიას მკვლელობის სინამდვილე“ (სან–ფრანცისკო, 1985); „ჩემი პასუხი ჟორდანიას მემკვიდრეებს“ (სანფრანცისკო, 1987); “შეფიცულთა რაზმის ცხოვრება საფრანგეთში 1924 წ. ნოემბრიდან” (სან–ფრანცისკო, 1987).
მასთან ინახებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძვირფასი ხმალ–სატევარი, რომელიც საქართველოს დაუბრუნა. ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილის დახმარებით, 1990 წლის 19 ოქტომბერს, 94 წლის მოხუცი სამშობლოში დაბრუნდა. თან ჩამოიტანა პატარა პაკეტი წარწერით „საქართველოს მიწა“. საქართველოში მხოლოდ 18 დღე იცოცხლა.