პირველი ტიტული 2021 წლის შემდეგ – ბასილაშვილი სეულის ტურნირის ჩემპიონია!

32 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰარდის საფარზე გამართული 100 ქულიანი ჩელენჯერის გამარჯვებული გახდა.
ჩვენებურმა ფინალურ შეხვედრაში იაპონელ ტარო დანიელს ორ სეტში 7:5, 6:4 სძლია. ნიკას ანგარიშზე 10 ეისი და 3 ორმაგი შეცდომაა. მან 3 ბრეიკი გააკეთა და საკუთარი ჩაწოდება ერთხელ დაკარგა.
ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 100 სარეიტინგო ქულა და 18 230$ გამოიმუშავა. მომდევნო კვირირიდან ის მსოფლიო რეიტინგში ერთბაშად 96 საფეხურით წაიწევს წინ და 215-ე ადგილზე გადაინაცვლებს.
ინფორმაციისთვის, ქართველმა 2021 წლის შემდეგ, მას მერე რაც მიუნხენში იჩემპიონა,
პირველი ტურნირი მოიგო.
ბასილაშვილი ახლა იაპონიაში, კერძოდ მაცუიამაში გასამართ 75-ქულიან ჩელენჯერზე გადაინაცვლებს, სადაც ძირითად ბადეში გახლავთ და პირველ წრეში იტალიელ მატეო ბელუჩის დაუპირისპირდება.