“ნაპოლიმ” კონტეს სტილში, პრაგმატულად (1:0 ლეჩესთან) მოიგო, იტალიის ჩემპიონატს 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და წინ რთული გრაფიკი აქვს. გუნდი თითქმის არ უშვებს და ცოტა გააქვს. ანტონიომ ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების საშუალება მისცა და მხოლოდ დასკვნითი 20 წუთი ათამაშა. ლიდერებთან მატჩები “მილანით” იწყება, რომელთაც ნეაპოლელები სერია “ა”-ს მე-10 ტურში ეწვევიან – სამშაბათს, 29 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე.
სატურნირო ცხრილი
მილანელებმა “ბოლონიასთან” წყალდიდობის გამო ვერ ითამაშეს და დასვენებისთვის მეტი დრო ჰქონდათ. ჩემპიონთა ლიგის 7-გზის გამარჯვებულმა ბოლოს ამ ტურნირზე იასპარეზა და ათკაციან “ბრიუგეს” (3:1)
აჯობა.
“მილანი” “ნაპოლისთან” უკანასკნელ 5 შეხვედრაში არ დამარცხებულა. ნეაპოლელთა ბოლო (2:1) გამარჯვება მათ წინააღმდეგ “კვარას” პირველი დაპირისპირება იყო, როცა მცველები ვერაფრით აჩერებედნენ და პენალტიც გამოიმუშავა; შემდეგ იყო მწარე მარცხი (0:4) “მარადონაზე”, დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ქართველმა პენალტი ვერ გაიტანა; გასულ სეზონში ძალიან საინტერესო რამ ვნახეთ, “შავ-წითლები” ორი ბურთით იგებდნენ, პოლოტანოს გოლმა და რასპადორის მაგარმა ჯარიმამ კი 2:2 დააფიქსირა. “სან სიროზე” მასპინძლებმა (1:0) მოიგეს. ჩვენებური მეკარე მენიოს კარში პირველი გოლის გატანას ეცდება. მიმდინარე სეზონში, 77-ე ნომერს 4 შედეგიანი დარტყმა და 2 საგოლე პასი აქვს.
კვარაცხელია და ლეაო
ტიჯანი რაინდერსი, ვინც “ბრიუგეს” დუბლი შეუსრულა, ჩემპიონატის ბოლო ტურში გააძევეს და ახლა არ იქნება. დისკვალიფიცირებულია ტეო ერნანდესიც, რომელიც ფილიპო ტერაჩიანომ უნდა შეცვალოს. კვარაცხელიასა და კალაბრიას ტრადიციად ქცეული საინტერესო დუელი ვერ შედგება, იტალიელს ტრავმის გამო ბევრი გაუცდა. მის ადგილას ბრაზილიელ ემერსონს ვნახავთ. გამოვარჩევთ ამერიკელი კრისტიან პულისიჩის კარგ ფორმას, რასაც ლეაოზე ნაკლებად ვიტყვით, მაგრამ
ის მუდამ სახიფათოა. ნეაპოლელთა რიგებში ლობოტკა მომჯობინდა და გილმორის ნაცვლად დაბრუნდებას ელიან.
მომავალ შეხვედრაში “ნაპოლის” დისციპლინურობას ველით და თითქოს, ბევრი გოლი არ უნდა ვნახოთ, თუმცა როცა “მილანი” საკუთარ მოედანზეა, ფონესკას გუნდიდან ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
სავარაუდო შემადგენლობები
მილანი: მენიო – ემერსონი, ტომორი, გაბია, ტერაჩიანო – ფოფანა, ლოფტუს-ჩიკი – ჩუკუვეზე, პულისიჩი, ლეაო – მორატა;
ნაპოლი: მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივერა – ლობოტკა, ანგისა – პოლიტანო, მაკტომინეი, კვარაცხელია – ლუკაკუ.
ოთხშაბათი, 21:30 სთ, ემპოლი(საბა გოგლიჩიძე. საბა საზონოვი ტრავმირებულია) – ინტერი.