კორძაია ჩამოთვლის მანიპულაციებს, რომელთა გამოც “ერთიანობა” არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია ჩამოთვლის იმ მანიპულაციებს, რომლებიც, მისი თქმით, გამოვლინდა 26 ოქტომბრის არჩევნებზე.
მისი თქმით, კოალიციის წევრები მთელი ღამის განმავლობაში აანალიზებდნენ -ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს და იმ ფაქტებს, რომლებიც კენჭისყრის დღეს დაფიქსირდა როგორც საარჩევნო უბანზე, ისე უბნის მიმდებარედ.
· ხმის ფარულობის დარღვევა
“ფარულობის დარღვევის შემთხვევაში ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ამომრჩეველს ჰქონდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ყველა ადამიანი ამბობდა იმას, რომ ბიულეტენიდან ჩანდა ხმის მიცემის ფაქტი, ანუ გადაბრუნებულ ბიულეტენზე ჩანდა, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ეს იყო მასობრივი და ამომრჩეველს არ ჰქონდა შესაძლებლობა თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
· ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიების გაუმჭვირვალობა
“ვერიფიკაციის აპარატებში არსებული საარჩევნო სიები არ იყო გამჭვირვალე. ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა ამ სიებზე დაკვირვების და დუბლირების გადამოწმების. შესაბამისად, ვთვლით, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან ფართო შესაძლებლობა მაშინ, როდესაც არც დამკვირვებელს, არც წარმომადგენელს, არავის არ ჰქონდა შესაძლებლობა სიების გადამოწმების.
მათ [ხელისუფლებას] ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ გაორებები მოეხდინათ სიებში. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოგვცეს წვდომა როგორც ვერიფიკაციის აპარატებზე, ასევე ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებზე, რომლებიც არის დალუქული და ინახება ცესკოში. გზა, რომლითაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავამტკიცოთ მასობრივი გაყალბებები, ეს არის ამ დოკუმენტაციის გადამოწმება”, – განაცხადა კორძაიამ.
· პირადობის მოწმობების ჩამორთმევა
“არჩევნებამდე ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირადობის მოწმობების ჩამორთმევა ხდებოდა და ეს პირადობები სად იყო, როგორ იყო, როგორ გააყალბეს, როგორ შექმნეს დამატებითი პირადობის მოწმობები. ეს საკითხი აუცილებლად უნდა გახდეს გამოძიების საგანი”, – ამბობს კორძაია.
· მარკირება
“პირადობის საკითხი დაკავშირებულია ისეთ მასობრივ პრობლემასთან, როგორიც არის მარკირება. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ აღმოვაჩინეთ ძალიან ბევრგან – ამას ჰქონდა მასობრივი ხასიათი – მარკირების სითხე არ იყო სათანადო ხარისხის და ის არ ტოვებდა კვალს თითზე. სხვა შემთხვევაში ადამიანებს უშვებდნენ მარკირების გარეშე. ჩვენ გამოვიჭირეთ ადამიანები, რომლებიც ორჯერ აძლევდნენ ხმას
სხვადასხვა უბანზე, ან ერთსა და იმაზე უბანზე”, – ამბობს თამარ კორძაია.
· პლანშეტების სავარაუდო კავშირი ინტერნეტთან
“გადასამოწმებელია პლანშეტი და პლანშეტის ინტერნეტ კავშირი არსებობდა თუ არა ვერიფიკაციის აპარატებთან, რადგან ამის ტექნიკური შესაძლებლობაც ჰქონდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას”, – ამბობს კორძაია.
· უბნები, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდა
“იქ სადაც არ ტარდებოდა ელექტრონული სისტემით, ჩვენ ვნახეთ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროინდელი მეთოდებით, მასობრივად ჩაყრა ბიულეტენებისა და ამაზე მხოლოდ ერთ უბანზე მოხდა სათანადო რეაგირება”, – თქვა კორძაიამ.
თამარ კორძაია ამბობს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი ერთიანობაში, აძლევთ იმის საფუძველს, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებული, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ხალხის რეალურ ნებას. ამიტომ, ის ცესკო-ს სთხოვს, მისცენ მონაცემების გადამოწმების უფლება.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა ეს დარღვევა კომპლექსურად ქმნის მასობრივი გაყალბების ფართო სურათს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მოხდეს ამ დოკუმენტების ხელახლა გადამოწმება, შედარება და ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს როგორც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარიებს, ასევე დამკვირვებლებს. მოგვცენ დაშვება და ჩვენ ვიძლევით პირობას, დავიცავთ ყველა იმ ადამიანის პერსონალურ მონაცემებს, ვის მონაცემებზეც გვექნება წვდომა და არ მივცემთ საფუძველს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, არც ცესკოს, რომ თქვან, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით ისინი ამ ინფორმაციებს არ მოგვცემენ”, – ამბობს თამარ კორძაია.
26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი აქვს. “ოცნების” გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ: “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღირებენ. “ძლიერ საქართველოში” ამბობენ, რომ ცესკო-ს მონაცემები აცდენილია ხალხის ნებას. “გახარია – საქართველოსთვის” საუბრობს საარჩევნო დარღვევებზე – პარტიაში ამბობენ, რომ შესაბამის მტკიცებულებებს საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწოდებენ. თუმცა, საბოლოო პოზიციას საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დააფიქსირებენ.