3100 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 54.086%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე გასული „კოალიცია ცვლილებისთვის“ კი ხმების 10.923%-ს იღებს

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 54.086%-ით (1 117 480 ხმა) ლიდერობს.
როგორც გიორგი კალანდარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 3111 უბნიდან, ამ დროისთვის დათვლილია 3100 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.646%-ს შეადგენს.
„ამ დროისთვის 3111 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3100 საარჩევნო უბნის შედეგი. დარჩენილი 11-იდან 9 უცხოეთის საარჩევნო უბანია, საიდანაც ველოდებით შედეგების გამოგზავნას. ორი საარჩევნო უბნიდან, ერთი არის მარნეულის შემთხვევა, სადაც გაუქმდა პროცესი. მეორე კი დუშეთის შემთხვევა, საიდანაც ამ ეტაპისთვის არ არის ოქმი მიღებული“,- განაცხადა კალანდარიშვილმა.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკური სუბიექტების შედეგებს, შედეგების მიხედვით მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 10.923 % (225 680 ხმა) მიიღო.
„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 10.122% (209 137 ხმა) მოიპოვა;
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.781 % (181 424 ხმა) აქვს; პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი – 7.761% (160 354 ხმა).