“კოალიცია ცვლილებისთვის” აცხადებს, რომ ზუგდიდში, მათ ოფისს “ოცნების” აქტივისტები თავს დაესხნენ

ზუგდიდში ოპოზიციური გაერთიანება “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლის, თეიმურაზ ბასილაიას განცხადებით, მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” აქტივისტები დღის განმავლობაში უკვე მეორედ მივარდნენ მათ ოფისთან და პროვოკაციის მოწყობა სცადეს.
მისი სიტყვებით, მმართველი გუნდის მხარდამჭერები იგინებოდნენ და კოალიციის ახალგაზრდა აქტივისტებს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
“ოფისში ვიყავით, ვუყურებდით ტელევიზორს, შემოვარდა მთელი კოლონა, 15-20 მანქანა იქნებოდა, დაიწყეს ისევ უშვერი სიტყვებით გინება და პირდაპირ გამოიწიეს ჩვენი ახალგაზრდებისკენ”.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სწრაფადვე დარეკეს პოლიციაში, ადგილზე დროულად არავინ გამოცხადდა.
“112 მევაჭრებოდა თითქმის 15 წუთის მანძილზე. ანუ მე უნდა მომესწრო თურმე და დამეთვალა, რამდენი კაცი მოვიდა, რამდენი მანქანა იყო. რა სიტყვებით გვაგინებდნენ, რამეს ისროდნენ თუ არა. ეს არის ცინიზმი… სანამ პოლიციის სამმართველოს უფროსს მე პირადად არ დავურეკე, მანდე 112-იდან არანაირი რეაგირება არ იყო”,- თქვა თეიმურაზ ბასილაიამ.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ოფისთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირების იყო, ასევე ზუგდიდის სოციალურ კაფე “მეგობართან”. კოალიციის წარმომადგენლების თქმით, აქაც “ოცნების” აქტივისტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ადგილზე მყოფ ოპოზიციურად განწყობილ ახალგაზრდებს.
კოალიციის ოფისთან ამ წუთებშიც პოლიცია იმყოფება.