საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ (17:30სთ-ის მონაცემები) განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს სახალხო დამცველმა. ომბუდსმენის ოფისი, რომელიც დილიდან აკვირდება საარჩევნო პროცესს, გამოეხმაურა ფიზიკური დაპირისპირებებისა და ძალადობრივი ინციდენტების შემთხვევებს, რასაც ადგილი ჰქონდა, მათ შორის, დამკვირვებლების და მედიის წარმომადგენლების მიმართაც.
ძალადობრივი ინციდენტები:
· „ხმაურიანი ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი იყო ქ. თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე;
· ხმაური და დაპირისპირება იყო ისანში, 51-ე საარჩევნო უბანზე;
· დაძაბულობა იყო ქ. თბილისში, ისანში 30-ე საარჩევნო უბანთან;
· ფიზიკურად გაუსწორდნენ ქ. თბილისში, ისანში, მე-9 საარჩევნო უბანთან ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელს;
· სიტყვიერი დაპირისპირებისა და ფიზიკური ძალადობის მცდელობას ჰქონდა ადგილი ქ. გორში, 84-ე საარჩევნო უბანზე;
· ქ. გორში, მე-14 საარჩევნო უბანთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას;
· ქ. ზუგდიდში, მე-9 უბანზე ადგილი ჰქონდა რამდენიმე ფიზიკურ დაპირისპირებას;
· ასევე, გავრცელებული ცნობით, ფიზიკურად დაშავდა ქ. თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანთან მომხდარი ერთ-ერთი ინციდენტის დროს დამკვირვებელი;
· ახმეტის მატნის #11 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და წაართვეს ტელეფონი;
· საიას განცხადებით, მათ თანამშრომელს/დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები:
· ფიზიკურად გაუსწორდნენ ქ. ქუთაისში, მე-2 საარჩევნო უბანთან CNEWS-ის ჟურნალისტს;
· თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანთან, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები, ასევე დაზიანდა აპარატურა;
· ტელეკომპანია „მთავარის“ აპარატურის წართმევა სცადეს კახეთში.
გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საარჩევნო უბნებზე და შენობების მიმდებარედ მომხდარი ინციდენტების, დაძაბულობისა და დაპირისპირებების წინაპირობებს ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენდა პროცედურული დარღვევები, თუმცა, უმეტესად ინციდენტები განპირობებული იყო უბნების სიახლოვეს სხვადასხვა ჯგუფის მობილიზებით.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ძალადობა და ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისათვის საქმიანობის ხელშეშლა წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას“, – წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ და შეაფასონ ყველა შესაძლო დანაშაულებრივი/კანონსაწინააღმდეგო ინციდენტი და მოახდინონ მათზე მყისიერი, ეფექტური და კანონის შესაბამისი რეაგირება.
26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემა საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.
საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ.
პარლამენტის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც.
ქვეყნის ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით აძლევს. ხმის უფლების მქონე მოქალაქე ბიულეტენზე მოცემული 18 პოლიტიკური პარტიიდან ირჩევს ერთს, რისთვისაც შესაბამისი პარტიის წინ არსებული წრის შიდა სივრცე უნდა გააფერადოს.
ე.წ. ძველი წესით, ანუ სასურველი ერთი პარტიის ნომრის შემოხაზვით ხმას აძლევს ამომრჩევლების 10%. ეს ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაციფრულდება.
· 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია;
· ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმას მისცემს 3 113 747;
· გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია;
· უცხოეთის სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებშია 95 910 ამომრჩეველი;
· გახსნილია 3 111 საარჩევნო უბანი, მათგან საქართველოში 3 044 უბანი (მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი – 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში);
· საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანია;
· ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე; ტარდება. დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ვენდორი კომპანიის გამოცდილებით, რომელიმე ელექტრონული აპარატის მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა მინიმალურია, თუმცა, შემუშავდა რისკების პრევენციისა და მართვის დოკუმენტი და მთავარია, რომ არცერთ შემთხვევაში კენჭისყრა არ შეწყდება.
საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი. აკრედიტებულია 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.
კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, თუმცა ამ დროისთვის რიგში დარჩენილ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ.