ვაკეში, ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს

24 ოქტომბრის დილით, თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ.
Concentrix ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიაა, რომელიც კონსულტაციებს უწევს მსხვილ ბრენდებს 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის booking.com -ს .
„სულ 9 სართული არის [შენობაში] და ჩვენი არის 3 სართული. ძალიან დიდი გაუგებრობაა, დილის 9 საათიდან არიან შესულები. ეს სიტუაცია და უდიდესი გაუგებრობა ძალიან დააზარალებს საქართველოს გლობალური მასშტაბით, იმიტომ, რომ Concentrix არის უდიდესი კომპანია მსოფლიოს მასშტაბით, ვთანამშრომლობთ ძალიან ცნობილ ბრენდებთან, ვუწევთ მათ მომსახურებას ჩვენ საქართველოდან“, – განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან.
Concentrix -ს ათობით თანამშრომელი ჰყავს საქართველოს ოფისში.
ჯერჯერობით უცნობია რის საფუძველზე შევიდნენ საერთაშორისო კომპანიაში – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური “ნეტგაზეთის” ზარებს აღარ პასუხობს.
პარალელურად დღეს, 24 ოქტომბერს, ჩხრეკა ჩატარდა ატლანტიკური საბჭოს (Atlantic Council) თანამშრომლების, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლებში.
ატლანტიკური საბჭო ცნობილი ამერიკული კვლევითი ცენტრია (Think Tank), რომელიც 1961 წელს არის დაფუძნებული. სოფო გელავაც და ეთო ბუზიაშვილიც რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მხილების მიმართულებით მუშაობენ. სოფო გელავას ადვოკატის თქმით, მის სახლში ჩხრეკა უკანონოდ ტარდება.

ასევე დაგაინტერესებთ