თბილისში რამდენიმე ახალი ბიზნესცენტრი შენდება და არსებულ საოფისე სივრცეებს 70 000 კვ.მ. დაემატება – Colliers Georgia

დიდი ზომის საოფისე ფართებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, დედაქალაქში რამდენიმე ახალი ბიზნესცენტრი შენდება და მომავალი 2 წლის განმავლობაში, თბილისში არსებულ საოფისე სივრცეებს 70 ათასი კვადრატული მეტრი დაემატება, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ მარიამ მითაიშვილმა – Colliers Georgia-ს კომერციული უძრავი ქონების ბროკერმა განუცხადა.
მისი თქმით, დღეს თბილისში საოფისე ფართებზე არსებულ მოთხოვნას, მიწოდება ჩამორჩება და ვერ აკმაყოფილებს.
„Colliers Georgia-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2024 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში დიდი ზომის საოფისე ფართებზე გაზრდილი მოთხოვნა, გამოწვეულია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მსხვილი კომპანიების აქტიურობით. დედაქალაქში უძრავი ქონების ბაზარი დღითი დღე უფრო კონკურენტული ხდება, რადგან ბიზნესცენტრებში არსებული დიდი ფართები დეფიციტშია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადგილობრივ მოთხოვნასთან ერთად, დიდია დაინტერესება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც. მათ აქვთ გაფართოებისა და საოფისე ფართების გაუმჯობესების სურვილი. უნდა ითქვას ისიც, რომ კომპანიები უმეტესად ითხოვენ 1000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის საოფისე ფართებს, ასევე უპირატესობას ანიჭებენ, სივრცის ერთ სართულზე განთავსებას, რაც უკეთეს კოორდინაციასა და ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს. თუმცა, ამგვარი ფართების მოძიება დღეს დედაქალაქში საკმაოდ რთულია“, – განმარტა მარიამ მითაიშვილმა.
მან ფასების დინამიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ისინი წლიდან წლამდე მზარდია, თუმცა ამ მხრივ, დიდი რყევები არ შეინიშნება და ზრდა საკმაოდ დაბალი პროცენტულობით ხდება.
„2024 წელს დიდი ზომის საოფისე ფართების იჯარა, წინა წელთან შედარებით, 1 დოლარით არის გაძვირებული. ამჟამად, ბიზნესცენტრებში დიდი ფართების საიჯარო განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე 15 დოლარიდან იწყება. ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია როგორც ლოკაციაზე, ასევე თავად ბიზნესცენტრის ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე. ფასები გაცილებით მაღალია მცირე ზომის საოფისე სივრცეებზე. პატარა ფართებზე კვადრატულის ღირებულება, შესაძლოა, 25 დოლარსაც კი შეადგენდეს“, – აღნიშნა Colliers Georgia-ს კომერციული უძრავი ქონების ბროკერმა.
ცნობისთვის, ამჟამად თბილისში, დაახლოებით, 280 ათასი კვადრატული მეტრის მოცულობის საოფისე ფართებია.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ