გიორგი კალანდია mona.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე: მათ მოუწევთ იმის დასაბუთება, რომ რეპრესიებს ვეწევი

ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს პლატფორმა mona.ge-ს შემქმნელებს. ცნობისთვის, „გირჩი მეტი თავისუფლებისა” და „დროას” ვებგვერდზე დაიწერა, რომ გიორგი კალანდია „მუზეუმებში ს რეპრესიული პოლიტიკას ნერგავს“. ამავე ვებგვერდის მიხედვით, მას ზეწოლასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომელი, ექსკურსიამძღოლი ელზა ზოდელავა ადანაშაულებს.

აღნიშნულ ბრალდებებს გიორგი კალანდია Newshub.ge-სთან საუბარში გამოეხმაურა. მისი თქმით, mona.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნახსენები ელზა ზოდელავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, რომელიც ხელოვნების სასახლიდან არა პოლიტიკური შეხედულებების, არამედ თანამშრომლების ფარული მიყურადებისა და უკანონო ჩაწერის გამო გაათავისუფლეს. როგორც გიორგი კალანდია აღნიშნავს, ელზა ზოდელავას მიმართ ორი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი.

„მე პირადად, სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებ ამ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას. მათ მოუწევთ იმის დასაბუთება, რომ რეპრესიებს ვეწევი. ხომ წერენ, რომ ინფორმაცია გადაამოწმეს – ვისთან გადაამოწმეს? ელზა ზოდელავასთან? მათივე მოძრაობის წევრთან, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა?“, – ინტერესდება გიორგი კალანდია.

როგორც გიორგი კალანდია აცხადებს, ხელოვნების სასახლიდან ელზა ზოდელავას გათავისუფლების მიზეზი არა მისი პოლიტიკური შეხედულებები, არამედ თანამშრომლების ფარულად ჩაწერა და მიყურადება იყო.

„ვითარება შემდეგშია – ქალბატონი ელზა ზოდელავა არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და დიდი ხნის განმავლობაში, სამუზეუმო საქმიანობის ნაცვლად, დაკავებული იყო პოლიტიკური საქმიანობით. თუმცა, ეს არ არის პრობლემა. ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის, რომ ქალბატონი ელზა ზოდელავა ახორციელებდა თანამშრომლების ფარულად ჩაწერას და მიყურადებას. 

ძველი ქართული გამოთქვა არის – „ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო“, დაახლოებით ასეთი რამ გააკეთა. ის რეგულარულად ახორციელებდა თანამშრომლების ფარულად მიყურადება-ჩაწერას და შემდეგ, ამ ჩანაწერებს აგზავნიდა მუზეუმის ხელმძღვანელობასთან – ჩემთან, როგორც სტრატეგიული განვითარების საბჭოს ხელმძღვანელთან. 

როდესაც ფარული ჩანაწერი მივიღე, ვუთხარი, რომ თანამშრომლების ფარული ჩაწერა ისჯებოდა კანონის შესაბამისად. ამის შემდეგ, დაიწყო სამართლებრივი ქმედებები, ქალბატონი ელზა ზოდელავა გათავისუფლდა სამსახურიდან, მის მიერ განხორციელებული ფარული ჩანაწერი გადაეცა სასამართლოს, სასამართლოს ორივე ინსტანციამ განიხილა ეს ამბავი და ქალბატონი ელზა ზოდელავა დამნაშავედ ცნო. ანუ, რასაც თვითონ ახორციელებდა, ის დაგვაბრალა ჩვენ. 

სასამართლოსგან ნებართვის მიღების შემდეგ, აუცილებლად გამოვაქვეყნებთ მის ფარულ მიყურადებებს, რაც მან განახორციელა ერთ-ერთი თანამშრომლის წინააღმდეგ, ის კი ვერსად ვერ გამოაქვეყნებს ჩვენს მიერ ჩაწერილს, რადგან ჩვენ არასდროს არ გაგვიკეთებია ასეთი რამ. 

მან ორი სასამართლო პროცესი წააგო, რატომ არ გაეცნენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს? იქ წერია, როგორ ახორციელებდა ქალბატონი ზოდელავა ფარულ მიყურადებებს, როგორ წერდა თანამშრომლებს ჩუმად და როგორ აშანტაჟებდა“, – ამბობს გიორგი კალანდია.

მისი თქმით, საიტის შემქმნელების პოლიტიკური კარიერა განწირულია, რადგან ისინი მცდარ გზას ადგანან. 

„ეს გზა სად მიიყვანს მაგ საიტის შემქმნელებს, მე ძალიან კარგად ვხვდები. ეს, მსუბუქად რომ ვთქვა, არის ძალიან არასწორი და მცდარი გზა. ეს არის გზა ბოლშევიზმისა, ეს არის გზა კომუნიზმისა. მე ისტორიკოსი ვარ პროფესიით და ძალიან კარგად ვიცი – ისინი, ვინც საკუთარ ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს მონას ეძახიან, სად და რა გზით ასრულებენ პოლიტიკურ კარიერას. ასე რომ, წარმატებას ვუსურვებ იმ კომუნისტურ ფერებში, რა ფერებშიც აქვთ ეს საიტი გაკეთებული“, – ამბობს გიორგი კალანდია.