მოლდოვის არჩევნების წინასწარი შედეგებით ლიდერობს პროევროპული ორიენტაციის პრეზიდენტი სანდუ

მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებული ორი კენჭისყრიდან ერთ-ერთის, საპრეზიდენტო ს წინასწარი შედეგებით, ლიდერობს პროევროპული ორიენტაციის მქონე მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ – ის უსწრებს პრორუსული ორიენტაციის კანდიდატს სოციალისტური პარტიიდან, ალექსანდრ სტოიანოგლოს. პრეზიდენტად კენჭს სულ 11 კანდიდატი იყრიდა. სავარაუდოდ, მომავალ თვეში მეორე ტური გაიმართება.
ხმების 35 პროცენტის დათვლის შემდეგ სანდუს 35-მდე პროცენტი აქვს, სტოიანოგლოს 29 პროცენტი, ხოლო ქალაქ ბალტის ყოფილ მერს, პოპულისტური ორიენტაციის პოლიტიკოს რენატო უსატის 15 პროცენტი – იუწყება ცენტრალური საარჩევნო კომისია. თუ ხმების 50 პროცენტზე მეტს ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს, 3 ნოემბერს მეორე ტური გაიმართება პირველ ორ ადგილზე გასულ ფიგურებს შორის. ანალიტიკოსების თქმით, წინასწარი მონაცემი სავარაუდოდ ეფუძნება შედეგებს რუსეთში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში მცხოვრები დიასპორიდან, რაც ნიშნავს, რომ სანდუს მხარდაჭერა შეიძლება გაიზარდოს უშუალოდ მოლდოვაში მოპოვებული ხმების ხარჯზე.
დათვლის პროცესშია ასევე სანდუს მიერ შეთავაზებული რეფერენდუმის შედეგები, რომელზეც 3,3 მილიონ მოლდაველ ამომრჩეველს ჰკითხეს უჭერენ თუ არა მხარს საკონსტიტუციო შესწორებას, მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ხმათა 46 პროცენტის დათვლის შემდეგ, პასუხს “არა” მიემხრო 56 პროცენტი, ანუ უმრავლესობა – თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, ხმების დათვლის პროცესის გაგრძელებამ შესაძლოა ეს მონაცემიც შეცვალოს.

ასევე დაგაინტერესებთ