არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი – გვჯერა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ეკონომიკური პოლიტიკის

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი აჰმედ ბინ ალი ალ საიეღი „თბილისის მშრალი პორტის” პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, აღნიშნული პროექტი არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია.
„თბილისის მშრალი პორტი არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია – მომავალში განსახორციელებელი მრავალი პროექტიდან ერთ-ერთი. ამ პროექტის განხორციელების მიზანია, საქონლის ტრანსპორტირების ნაკადის უზრუნველყოფა შუა დერეფანში, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას და, იმავდროულად, მონაწილე ქვეყნების კეთილდღეობის გაზრდა. საქართველოსთან ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან”, – განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა.
სახელმწიფო მინისტრმა დადებითად შეაფასა თანამშრომლობა ეკონომიკის სხვა სექტორებში, მათ შორის სამოქალაქო ავიაციაშიც.
მისი თქმით, თბილისში პირდაპირი რეისები ხორციელდება საამიროების 3 ქალაქიდან.
„ვიმედოვნებთ, ჩვენი ძალისხმევა ლოგისტიკისა და ავიაფრენების მიმართულებით ხელს შეუწყობს ვაჭრობის ზრდას. ჩვენ გვჯერა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების და ეკონომიკური პოლიტიკის. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ ამ ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას და ჩვენი პროგნოზია, რომ ეს ზრდა მომავალშიც გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და საამიროების ბიზნესები კიდევ უფრო მჭიდროდ და ბევრი მიმართულებით ითანამშრომლებენ, ასევე გაძლიერდება ხალხთა შორის ურთიერთობები”, – აღნიშნა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰელსინკის კომისია – ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები – მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს

“დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადმოცემული მამის არქივის დამუშავებისას ვნახეთ ცნობილი მეცნიერისა და გაერთიანებული ევროპის კავშირის იდეის ერთერთი პირველი მესაძირკვლის – მიხეილ მუსხელის ავტოგრაფი…”