„ქართული ოცნება“ „გამაოგნებელ ტყუილს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ ზუგდიდში, მმართველი პარტიის საარჩევნო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა

პარტია „ქართული ოცნება“ „გამაოგნებელ ტყუილს“ უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზუგდიდში, მმართველი პარტიის საარჩევნო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
მმართველი პარტიის პრესსამსახური აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია“.
„გვსურს გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ გამაოგნებელ ტყუილს, თითქოს ზუგდიდში, სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა. თანაც, ამ სამარცხვინო და არაადამიანური ტყუილის მიზანი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირების მცდელობაა. იმდენად არის გაოგნებული რადიკალური ოპოზიცია ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შთამბეჭდავი შეხვედრით, რომ მსგავსი ბინძური მეთოდით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გარდა იმისა, რომ ნაცმოძრაობის ლიდერის მიერ გავრცელებული ტყუილი არის ბინძური პროვოკაცია, ჩვენ ამ სიცრუეს განვიხილავთ წინასაარჩევნო პროცესზე მავნე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად. ამიტომ მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს, დაუყოვნებლივ ასახონ თავიანთ ანგარიშებში მუმლაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია“, – ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, მ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „გუშინ, ზუგდიდში, ბიძინას აკვარიუმის დაშლისას ბიჭი გადმოვარდა სიმაღლიდან და გარდაიცვალა. ბიძინა რუსს მოაქვს სიკვდილი და უბედურება. 26 ოქტომბერს უნდა მოვიშოროთ ეს ბოროტება!“, – წერს მუმლაძე.
აღნიშნული პოსტი „ფეისბუქში“ ამ ეტაპზე აღარ იძებნება.