აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, შიმშილობის 24-ე დღეს მისი ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
“ძალიან ცუდი ამბები გვაქვს. აფგანმა დღეს დარეკა, დაახლოებით, დღის 3 საათზე. მას დღეს ცუდი რამ შეემთხვა, მდგომარეობა გაუარესებულია. წყლის დალევა უნდოდა, რისთვისაც ადგომა სურდა, მაგრამ წაიქცა. მითხრა, რომ არ იცის, როდის მოვიდა გონს. როცა გონს მოვედი, ექიმები იყვნენ ჩემ გარშემო, რომლებიც წნევას მიმოწმებდნენ და სისხლი აიღეს ანალიზებისთვისო”, – ამბობს სადიგოვის ცოლი ნეტგაზეთთან საუბარში.
სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ მისი მეუღლე არ არის საკმარისად ჯანმრთელი იმისთვის, რომ შეძლოს შიმშილობა, მაგრამ მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვა გზას ფიზიკურად ვერ ხედავს.
“აზერბაიჯანი, ილჰამ ალიევი, ბრძანებას იძლევიან ამაზე, ხოლო საქართველო ამ ბრძანებას ასრულებს და კლავს აფგანს ციხეში. კანონი რომ მოქმედებდეს, სასამართლო რომ მოქმედებდეს, აფგანს დიდი ხნის წინ გამოუშვებდნენ, ისინი იღებენ პოლიტიკურ შეკვეთებს და ამის გამო ადამიანს კლავენ.
არ ვიცი, ანალიზების პასუხები როდის იქნება, მაგრამ მე მათი არ მჯერა. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ ვხედავ, რომ ისინი აქ ადამიანებს როგორ კლავენ შეკვეთით. ის იმიტომ შიმშილობს, რომ აქ კანონი არ მუშაობს, სასამართლოც, აქ მხოლოდ პოლიტიკურ შეკვეთებს იღებენ. არ მჯერა მათი ანალიზების, არც ექიმების, ციხის უფროსობისაც, არავისი მჯერა. მხოლოდ ღმერთის მჯერა და იმედია, ის დაეხმარება აფგანს, რომ არაფერი დაემართოს, იმიტომ, რომ ძალიან ცუდად არის და დასუსტებულია” ,- ამბობს აფგან სადიგოვის ცოლი.
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს, თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს. თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს,.
სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
დაკავების ვიდეო სოციალურ ქსელში ჟურნალისტის ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ დაკავებას შეესწრნენ სადიგოვების არასრულწლოვანი შვილებიც. სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ ქართველი სამართალდამცველები „აზერბაიჯანელი დიქტატორის მითითებას ასრულებენ“.აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საჩივარი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმების შესახებ საქართველოს სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა.თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განაჩენით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.ორგანიზაციამ “უფლებები საქართველომ” საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 8 აგვისტოს გაასაჩივრა. ორგანიზაციის ადვოკატებმა მოითხოვეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით საექსტრადიციო 3- თვიანი პატიმრობის ჩანაცვლებას 2000 ლარის ოდენობის გირაოთი.სააპელაციო საჩივარს თან ერთოდა სადიგოვის განცხადება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართა საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით.როგორც ამბობენ ორგანიზაციაში „უფლებები საქართველო“, რომელიც სადიგოვის ინტერესებს იცავს, „არსებობს ეჭვი, რომ ქართული მხარე სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციას გამარტივებული წესით გეგმავს“.
ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ მისი საფუძველი პოლიტიკურია.
თბილისში ბაქოს მოთხოვნით დაკავებულ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ამ შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, იურისტ ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს.
აფგან და სევინჩ სადიგოვები, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში 2023 წლის ბოლოს ჩამოვიდნენ. მიმდინარე წლის 18 ივლისს აფგან სადიგოვი, თურქეთის გავლით, მესამე ქვეყანაში აპირებდა გადასვლას, თუმცა მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას უთხრეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც საქართველოდან წასვლა შეეძლო, აზერბაიჯანი იყო.
დაკავების წინა დღეს, 2 აგვისტოს, აფგან სადიგოვი, ადვოკატთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა, ომბუდსმენმა წუხილი გამოთქვა, რომ ჟურნალისტს საქართველოს დატოვება აეკრძალა და საკითხის გარკვევას დაჰპირდა.