უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: ამ ბანერების იდეა ქართველ ხალხს არ ეკუთვნის

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი “მთვაარი არხის” ეთერში გამოეხმაურა ქართულ წინასაარჩევნო ბილბორდებს “აირჩიე მშვიდობა”, სადაც ომისგან განადგურებული უკრაინის ქალაქებია გამოსახული. “ეს იდეა არ ეკუთვნის ქართველ ხალხს. და ეს ნამდვილად არ ასახავს ქართველების დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ.” – თქვა ანდრეი ერმაკმა.
მისი თქმით, ბილბორდები ინტერნეტით ნახა და არ სურდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, “რადგან თქვენ გაქვთ წინ. ეს თქვენზეა დამოკიდებული ვის აირჩევთ, ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ნებას და არჩევანს. პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების პატივისცემა” – განაცხადა ანდრეი ერმაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა უკრაინელი და ქართველი ხალხის მეგობრობაზე ილაპარაკა და თქვა, რომ არასოდეს დაივიწყებს იმას, “რაც გააკეთეს და რასაც აკეთებენ საქართველოს მოქალაქეები ჩვენთვის.”
“ჩვენი გამარჯვება თქვენი გამარჯვებაც იქნება. რადგან ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა დავნებდეთ არასდროს, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიყოთ ყოველთვის გულახდილები, არავის არ შევუშინდეთ და ყოველთვის გვჯეროდეს, რომ სიკეთე, რწმენა, თავისუფლება – ყოველთვის გაიმარჯვებს” – თქვა ანდრეი ერმაკმა.