ლევან დავითაშვილი – ქუთაისის აეროპორტში ახალი, 3,5 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გვექნება, რაც ქალაქს საშუალებას მისცემს, იყოს ძალიან მნიშვნელოვანი სატვირთო გადაზიდვების ჰაბი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა იწყება.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან ერთად კაფსულის ჩაგდების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პროექტის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მნიშვნელობასა და მის საჭიროებაზე ისაუბრა – როგორც ქუთაისის აეროპორტის, ისე მთელი ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიის განვითარებისთვის.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის დასაწყისი – როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის, ავიაციის, სატრანსპორტო სფეროს განვითარებაზე, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. პირველად საქართველოში სრულიად ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აშენდება, რაც აეროპორტის უმთავრესი ინფრასტრუქტურაა. დღეისთვის არსებული 2,5 კილომეტრის ნაცვლად ჩვენ გვექნება 3,5 კილომეტრი სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ყველა ტიპის ავიახომალდს მოემსახურება. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ მგზავრთნაკადი გავზარდოთ, ამასთან, ქუთაისს მიეცემა საშუალება, იყოს ძალიან მნიშვნელოვანი სატვირთო გადაზიდვების ჰაბი”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება და ახალ ინფრასტრუქტურასთან ერთად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აეროპორტის და ზოგადად ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების, ახალი ავიარეისების რიცხვის ზრდას. პროექტს კომპანია „ანაგი” განახორციელებს. ქუთაისის აეროპორტის განვითარება და გაფართოება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში – „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიაშია” ასახული. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სახელმწიფო პროექტში 240 მლნ ლარის ოდენობის ინვესტირებას გეგმავს.
ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარებასთან ერთად აეროპორტს ფართო ფიუზელაჟის მქონე საჰაერო ხომალდის (ე. წ. Wide Body Aircraft) საჰაერო ხომალდების მიღების საშუალებას მისცემს. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, უკვე დასრულებულია ქუთაისის აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმა, რომლის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სწორედ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის აშენებაა, რათა ქუთაისის აეროპორტმა გრძელვადიან პერსპექტივაში სრულფასოვანი სატრანზიტო-სატრანსპორტო ჰაბის ფუნქცია შეასრულოს.
ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს განვითარების კიდევ უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მათ შორის – 2024 წლის 9 თვის მონაცემებით, აეროპორტი 1 284 997 მგზავრს მოემსახურა, რაც გაცილებით აღემატება მგზავრთნაკადის მონაცემებს გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით. გენერალური განვითარების გეგმის ფარგლებში მომზადებული პროგნოზის მიხედვით კი, მომდევნო წლების განმავლობაში აეროპორტის მგზავრთნაკადი წელიწადში 5 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. ამასთან, გეგმა მოიცავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სამგზავრო ტერმინალის საავიაციო უშიშროებისა და სასაზღვრო კონტროლის ზონის ოპტიმიზაციას, აეროპორტის ტერმინალის შემდგომ განვითარებას, ახალი საპარკინგე სივრცეების მოწყობას და ა.შ.
„აეროპორტი უნიკალური ეკოსისტემაა, რომელიც ბევრი პროფესიის ადამიანის ეკონომიკურ საქმიანობას აერთიანებს. ქუთაისის აეროპორტში 1000-ზე მეტი პროფესიონალია დასაქმებული, ის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის, მთლიანად იმერეთის რეგიონის ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის, ინვესტიციებისთვის. ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ ქუთაისში შეიქმნას პილოტების და ავიაციის სფეროს პროფესიების შესაბამისი სასწავლებელი, აკადემია, რომელიც მაღალანაზღაურებად პროფესიებში მოამზადებს ქუთაისელებს და იმერეთის რეგიონის მცხოვრებლებს. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ერთ რამეს ემსახურება – შევინარჩუნოთ და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ ზრდას, რომ ის საბოლოოდ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახებოდეს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.