პოლიციელის დაჭრისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე 23 წლის პოლიციელის, გიგი ოთიაშვილისა და 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ნოდარ ვაშაკიძეს პატიმრობა შეუფარდა.
პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ვაშაკიძის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა.
სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმაც, ის განზრახ მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს. ვაშაკიძის თქმით, ის “თავს იცავდა და წაქცეულს პოლიციელი არ დაუნახავს “.
შეგახსენებთ, რომ ვაშაკიძე სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 353 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ ასევე:
· თბილისში დაჭრილი პოლიციელი 23 წლის გიგი ოთიაშვილია | მას ოპერაცია ჩაუტარდა