„ეს არის მიშას გეგმაც და მიზანიც… ხაბეიშვილს კი ახლა ის ადარდებს, მოხვდება თუ არა, გამსვლელ სიაში“

ანი დვალიშვილი
წესითა და რიგით, ახლა ქვეყანაში მთავარი სამსჯელო და სალაპარაკო მოახლოებული ახალი წელი უნდა იყოს, ხელისუფლება იმას უნდა ფიქრობდეს, ეს დღე მაინც როგორ გაულამაზოს ხალხს, მაგრამ არა – მთავარი თემაა, დარჩება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ და ვის გადააყოლებენ ყველა მუნიციპალიტეტში წინასაახალწლოდ გამოცხადებულ რეორგანიზაციებს? მოდით, ჯერ ხაბეიშვილზე ვთქვათ.
შესაძლოა, ბევრს გამორჩა, მაგრამ ხაბეიშვილის წინააღმდეგ წასვლის მცდელობა რუსთავის ორგანიზაციასაც ჰქონდა, მაგრამ დავით კირკიტაძემ აჯანყება დროულად „მოაშთო“. ზოგადად, ქვემო ქართლის რეგიონი ხმას რომ არ იღებს, ხაბეიშვილი სწორედ კირკიტაძეს უნდა უმადლოდეს, თუმცა ამ კონტროლის სანაცვლოდ, კირკიტაძე წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტ ფულს მოითხოვს და მიიღებს კიდეც. ზოგადად, პარტიაში, მომავალი არჩევნებისთვის თანხების გადანაწილებაზე რეგიონების მიხედვით უკვე მსჯელობენ და გვერწმუნეთ, ფული იმაზე ბევრად მეტი იქნება, ვიდრე „ოცნებას“ წარმოუდგენია და სწორედ ეს იყო 2012 წელს „ნაცების“ შეცდომა – მათ ვერ გათვალეს, თუ რა ოდენობის თანხის დახარჯვა შეეძლო ბიძინა ივანიშვილს და ახლაც, თითქოს მმართველ ძალას არ სჯერა, რომ ოპოზიცია უზარმაზარი რესურსის მობილიზებას შეძლებს. თუმცა, 2012-ში ივანიშვილს ხალხის მხარდაჭერაც ჰქონდა, რასაც დღევანდელ „ნაცებზე“ ნამდვილად ვერ ვიტყვით.
გარდა იმისა, რომ თანხების გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს, აქტიური ვაჭრობაა გაჩაღებული არა საპარლამენტო, არამედ თვითმმართველობის არჩევნების დროს, საკრებულოს გამსვლელ სიებში მოსახვედრად. ჰო, რეგიონებში პარტიების მოქმედი ლიდერები პირდაპირ აცხადებენ, თუ გარანტირებულად არ ეცოდინებათ, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, საკრებულოში მოხვედრის შანსი ექნებათ, ისედაც არეულ სიტუაციას უფრო არევენ.
ხაბეიშვილმა კარგად იცის, რომ პარტიის ლიდერებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ იმპიჩმენტი მოუწყონ, უბრალოდ, სახლში გაუშვან, ამიტომ, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისინი არ გააბრაზოს და როგორმე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, გამსვლელ სიაში მოხვდეს. ხაბეიშვილი იმასაც მიხვდა, რომ არჩევნებისთვის მთავარი ვიოლინო ის კი არა, იქნება, რომელზე ადრეც ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ, რომ დიდი ალბათობით, სიის პირველი ნომერი იქნება. რატომ უნდა გახდეს ნაციონალების ლოკომოტივი ჯაფარიძე, ვერ გეტყვით, თუმცა, იმას დაგიანონსებთ, რომ სიაში კიდევ ბევრი მოულოდნელობა იქნება, ანუ მთლიანად გადახალისებული და…
„რეალური გათვლა იმაზეა, რომ ძველი გვარდია სიის ქვედა ნაწილში გადაინაცვლებს, მაგრამ იმის იმედად, რომ არჩევნების შემდეგ, დასავლეთის მხარდაჭერით, ნაციონალები ქუჩაში გამოვლენ და იმის გაკეთებას შეეცდებიან, რაც 2003 წელს მოახერხეს. ეს არის მიშას გეგმაც და მიზანიც, ხელისუფლება 2024 წელს, სწორედ რევოლუციური სცენარით უნდა შეცვალოს და თუ ასე არ მოხდება, რეალურად, სააკაშვილისთვის მნიშვნელობა აღარ ექნება, პარლამენტარის მანდატი ბარამიძეს და კირკიტაძეს ექნება, თუ სხვა, სრულიად უცნობ გვარებს. „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა, მიშასთვის ციხეში მომდევნო არჩევნებამდე დარჩენას ნიშნავს და ამიტომ, ის ვა-ბანკზე მიდის“, – ეუბნება„ალიას“ წყარო.
სააკაშვილი კი მიდის ვა-ბანკზე, მაგრამ რამდენად წავა მისი პარტია იმავეზე, ძნელი სათქმელია. ციხიდან რეალობის აღქმა მაინც ძნელია, გარეთ მყოფებმა კი, კარგად იციან, რომ მოსახლეობის გამოყვანა ძალიან გაჭირდება, მაგრამ რეალურად, მოსახლეობის დიდი იმედი არც 2003 წელს იყო, შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, პრაქტიკულად, სამ დღეში ამოყირავდა და სავარაუდოდ, ახლაც იგივეს იმედი აქვს სააკაშვილს.
მმართველი გუნდი დეკემბრის ზეიმისთვის ემზადება, ანუ იმ დღისთვის, როცა კანდიდატის სტატუსს ოფიციალურად მოგვცემენ და ასევე ოფიციალურად, „ოცნება“ ს მთავრობის მსახურის ლაქას ჩამოირეცხავს. მერე უკვე ძნელი იქნება ამომრჩეველი დაარწმუნო, რომ „ოცნება“ რუსულ თამაშს თამაშობს, რადგან სტატუსს ევროპა მოგვცემს, ე.ი. ევროპელები მმართველი გუნდის პოლიტიკას ეთანხმებიან და არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ. ამასთან ერთად, გაზაფხულიდან, ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქურული პროექტები დაიწყება და „ოცნებას“ მოსახლეობისთვის სათქმელიც ბევრი ექნება. ამას დაამატეთ გაზრდილი ხელფასები, მომატებული პენსიები, მერე რა რომ ფასებიც კატასტროფულად იზრდება და ამომრჩეველსაც მეტი რა უნდა?

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა