გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა აშშ-ის მიერ დასანქცირებიდან ორ კვირაში შპს სარანგში საკუთარი წილი გაყიდა.
ხარაზიშვილი, იგივე ხარება შპს სარანგში 50%-იან წილს ფლობდა. საჯარო რეესტრის დოკუმენტების თანახმად, რომელიც ფორმულამ გაავრცელა, 30 სექტემბერს ხარაზიშვილმა თავისი წილი ალიკა ნადირაძეს 10 000 ლარად მიჰყიდა.
საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ ხარაზიშვილის მიერ წილების გაყიდვა ქონებისა და ფინანსების “გადარჩენის მცდელობაა”.
“ყველაზე მსხვილი დაცვის კომპანიის წილის 10000 ლარად გასხვისება მაღალი ალბათობით მიგვანიშნებს იმაზე, რომ გასხვისება არის ფორმალური ხასიათის, თუმცა მასაც და ყველა სხვას, აქამდე თუ მომავალში დასანქცირებულს, კარგად უნდა ესმოდეს, რომ ფორმალური გადაფორმებებით არ იხსნით მათ იმ მძიმე ფინანსური თუ ქონებრივი წნეხისგან, რომელი სანქციების აღსრულებას მოჰყვება”, – აღნიშნა აბესაძემ ფორმულასთან.
კომპანიის კიდევ ერთი მფლობელი, 50%-იანი წილის მფლობელი ზვიად ჭოხონელიძეა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაცვის ერთ-ერთი ოფიცერია. შპს სარანგი კერძო დაცვის კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ხარაზიშვილმა ჭოხონელიძესთან ერთად 2014 წელს დააფუძნა. კომპანია არაერთ სკანდალშია მხილებული, ერთ-ერთი უკანასკნელი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებია, რომლის დარბევაშიც სწორედ “სარანგის” დაცვის წევრები მონაწილეობდნენ.
შპს სარანგის კვალი იკვეთება 2021 წელის 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან მიხელ სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქციის დროსაც. მაშინ 15 პირი დააკავეს.
ის, რომ საპროტესტო აქციის დარბევა და დემონსტრანტების დაკავება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაქვემდებარებული ძალოვანი უწყებების პრეროგატივაა, ამაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის ხელმძღვანელი, გიორგი კლდიაშვილი. მისი თქმით, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ საგამოძიებო უწყება ფაქტით დაინტერესდეს და საქმის მოკვლევა დაიწყონ.
“სხვას არ აქვს უფლება, ადამიანზე რამენაირი ზემოქმედება იქონიოს, ეს იქნება ფიზიკური შემხებლობა თუ სხვა რამე. ეს არის უკვე სისხლის სამართლის დანაშაული, სავარაუდოდ. მითუმეტეს, თუ ეს კომპანია ფიგურირებს იმ ქმედებაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები უნდა მოქმედებდნენ, ეს არის კანონის საწინააღმდეგო და, შესაბამისად, ამაზე უნდა მოხდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა”, – თქვა კლდიაშვილმა.
16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირა. აშშ-მა მათ სანქციები დაუწესა საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის.
ოთხივე მათგანი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს. ე.წ. მაგნიტსკის სიაში ხვდებიან ადამიანები, რომლებიც, შეერთებული შტატების ხელისუფლების კვლევებით, მონაწილენი არიან ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებსა და კორუფციაში. სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ხარაზიშვილი და ლაგაზაური “მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან არიან კავშირში”.