PISA-ს კვლევით, წაკითხულის გააზრებაში საქართველო 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა

PISA-ს განათლების კვლევის მიხედვით, საქართველო, წაკითხულის გააზრებაში, 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა, მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე. კვლევის თანახმად ირკვევა, რომ საქართველოს 2022 წლის შედეგები, 2018 წელთან შედარებით, მათემატიკასა და კითხვაში გაუარესდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი მცირედით გაუმჯობესდა.
კვლევის მიხედვით, მათემატიკაში საქართველოს მაჩვენებელი 8 ქულით გაუარესდა და ამჟამად 390 ქულა აქვს, კითხვის მაჩვენებელი კი 6 ქულით 374 ქულამდე შემცირდა, 1 ქულით გაიზარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ქულა და ის ახლა 384-ს შეადგენს.
სამივე ნაწილში, საქართველო ჩამორჩება OECD-ის საშუალო მაჩვენებლებს. მათემატიკაში OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 472, კითხვაში – 476, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 485 ქულაა.
ასევე კვლევაში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც სქესის მიხედვით გოგოების შედეგები ბიჭებისას აღემატება .
PISA 2022-ში მონაწილეობდა 81 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 690,000 მოსწავლე, რაც საბოლოოდ შეადგენს დაახლოებით 29 მილიონ 15 წლის მოზარდს.