სამოქალაქო ორგანიზაციები ეხმაურებიან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არ შეაჩერა საქართველოში რუსული კანონის მოქმედება. მათივე შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივი დასკვნები.
“სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, შეწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, არ დაეშვა მოქალაქეთა კონფიდენციალური ინფორმაციაზე მთავრობის უკონტროლო წვდომა და დამდგარიყო საკუთარი ხალხის გვერდით, ვინც თვეების განმავლობაში, სამთავრობო ძალადობის მიუხედავად, ურყევად ეწინააღმდეგებოდა რუსულ კანონს.
სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, ის კვლავ მოექცა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ და ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია – კონსტიტუციის დაცვა”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოსარჩელე ორგანიზაციები მადლობას უხდიან მოსამართლეებს – გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს, რომელბმაც 6 მოსამართლისაგან განსხავვებით რუსული კანონის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
“ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში ავტორიტარიზმისა და ცენზურის დამყარების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას რუსული კანონის წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – საერთაშორისო ინსტიტუტებში, და ქართველი ხალხის მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ მის საბოლოო და უპირობო გაუქმებას”, – აცხადებენ ორგანიზაციები.
განხილვის დასრულებიდან თითქმის თვენახევრის შემდეგ, დღეს, 9 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსულ კანონთან დაკავშირებით. პრეზიდენტის, საპარლამენტო ოპოზიციის, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებული სარჩელი მათ წარმოებაში მიიღეს, თუმცა არ დააკმაყოფილეს შუამდგომლობა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რუსული კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით.
