გიორგი მანველიძე – იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა და ოპოზიციის მხრიდან თემით სპეკულირება, მათ უსუსურობაზე მეტყველებს

ოპოზიციის მხრიდან სპეკულირება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ნათლად აჩვენებს მათ უსუსურობას, – ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მანველიძე იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვის საკითხზე ოპოზიციის კრიტიკას.
„იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა და ოპოზიციის მხრიდან, თემით სპეკულირება მათ უსუსურობაზე მეტყველებს. აღნიშნული პროექტი ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებული რეკომენდაციის გათვალისწინებით მომზადდა – „დეოლიგარქიზაციის შესახებ” პუნქტში მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა. შესაბამისი პუნქტი აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაშიც“, – განაცხადა გიორგი მანველიძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტი შემუშავებულია ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფისა და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნების მიზნით.
„იმ პარტიებს, ვისაც დემოკრატიულ, თანასწორუფლებიან გარემოში არსებობა არ შეუძლიათ, ვურჩევ, გაქრნენ პოლიტიკური არენიდან“, – აღნიშნულია გიორგი მანველიძის განცხადებაში, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ