ენერგეტიკული ბირჟა – პლატფორმაში ბიზნესის ჩართულობა დაბალია

ენერგეტიკული ბირჟა – პლატფორმაში ბიზნესის ჩართულობა დაბალია
ქვეყანაში ენერგეტიკული ბირჟა თითქმის სამი თვეა ფუნქციონირებს, თუმცა ბირჟაზე ჩართული კომპანიების რაოდენობა ჯერ კიდევ ცოტაა. ,,საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის’’ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ამას ტურბულენტური პერიოდი და ბირჟაზე ჩართვის ნებაყოფლობითობა განაპირობებს. ბირჟის მუშაობის შედეგები ოქტომბერში გახდება ცნობილი. სამთვიან პერიოდს საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემა ანგარიშში შეაჯამებს.
,,სურვილი უფრო მეტი გვქონდა და გვაქვს. ცოტა ტურბულენტური პერიოდია ახლა. ვფიქრობ, რომ თავს იკავებენ. თან ნებაყოფლობითია და დაკვირვების რეჟიმში არიან. ოქტომბერში 3 თვის შეჯამება მოხდება. ვფიქრობ, რომ აქ უფრო გამოჩნდება სად იყო პლუსი, სად იყო მინუსი, სად იყო ჩავარდნა, რა მიზეზით მოხდა. შეჯამების და ანგარიშის წარდგენის შემდეგ, რომელსაც მაღალი ალბათობით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა უზრუნველყოფს, მარტივი იქნება ამ ტიპის კითხვებზე პასუხის გაცემა.’’- აცხადებს მაია მელიქიძე.
,,საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის’’ აღმასრულებელი დირექტორი კერძო სექტორსა და ბიზნესს მოუწოდებს ჩაერთონ ბირჟის მუშაობაში, რადგან ადრეულ ეტაპზე მათი მონაწილეობა ყველა რისკსა და ხარვეზს დროულად გამოაჩენს, რაც სავალდებულო წესის ამოქმედების შემდეგ პროცესს გაამარტივებს.
,,როდესაც სავალდებულო გახდება, შემდეგ რა თქმა უნდა ძალიან რთული იქნება თავის არიდება. ჩემი ღრმა რწმენით, მანამდე სანამ არ არის სავალდებულო და არის სარეკომენდაციო და ნებაყოფლობითი, აუცილებლად უნდა მოხდეს მათი ჩართვა. ეს იქნებოდა გადასარევი, იმიტომ რომ ყველა ის რისკი რომელიც შეიძლება დღეს არ ჩანს, პრაქტიკაში გამოავლენს თავს და მაშინვე მოხდება ჰეჯირება. ვიდრე მერე, როდესაც სავალდებულო იქნება და ძალიან დიდი იქნება პასუხისმგებლობა. ეს იქნება ფინანსური პასუხისმგებლობა.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში მაია მელიქიძე.

ასევე დაგაინტერესებთ