„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პრეზიდენტთან სრული ურთიერთთანხმობა აქვთ იმ მიდგომებზე, თუ როგორი უნდა იყოს გარდამავალი პერიოდი, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში.
ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დღეს, 7 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული დროებითი მთავრობისთვის კანდიდატების შესარჩევად პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო.
„ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს იყო ძალიან დროული და საჭირო შეხვედრა. კმაყოფილი ვარ იმით, რომ სრული ურთიერთგაგება არის, თუ ვის რა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ კრიტიკულ კვირებში. ჩვენ ვსაუბრობთ, ცვლილება, რომელიც გარდაუვალია, როგორ განხორციელდეს ისე, რომ მოქალაქეები იყვნენ მშვიდად და ეს იყოს სტაბილური, მშვიდი პროცესი. ვილაპარაკეთ ძირითად პრინციპებზე და ასევე, კონკრეტულ ინიციატივაზე საარჩევნო ჯგუფის შექმნის, რათა იყოს სრული კოორდინაცია არჩევნების დღეს. ასევე, ვილაპარაკეთ, როგორ უნდა მოხდეს ცვლილების ეს გარდამავალი პერიოდი.
აბსოლუტური თანხვედრაა. პრეზიდენტის ეს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, პარტიებს გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ კოალიციურ რეჟიმში გადავიდეთ, ამ მხრივ ძალიან კმაყოფილი ვარ და გავაგრძელებთ პრეზიდენტთან თანამშრომლობას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ამასთან, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრისას არ განხილულა კონკრეტული პიროვნებები, თუ ვინ შეიძლება იყვნენ დროებითი მთავრობის წევრები.
„[არ ყოფილა] არანაირი გვარების განხილვა, კულუარული მსჯელობა და ვინ, რა, როგორ… პრინციპებზე ვთანხმდებით. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და პრეზიდენტი ძალიან კარგად ასრულებს და უმკლავდება ამას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებსაც ელოდებიან.
პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული და ძირითადი ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი „ქართული ქარტია“ ითვალისწინებს მთავრობის ახალ მოდელს, რომელიც არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული. ხოლო დროებითი მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკვე შერჩეული ჰყავს კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისთვის, თუ დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის შექმნა დადგება. მისი თქმით, შერჩეულ კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ აქვს.
კითხვას, თავად თუ არის მზად პრემიერ-მინისტრობისთვის, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საკითხი ასე არ დასმულა, მაგრამ „გამორიცხული ცხოვრებაში არაფერია“.
სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ კანდიდატები მომავალი მთავრობის დასაკომპლექტებლად ამომრჩევლისთვის ცნობილი გახდება არჩევნებამდე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციებისთვის მზად არის, თუმცა მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი, როდესაც ეს პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა არ ყოფილა, ამ ეტაპზე ნაადრევი იქნება.