სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს მე-16 პლენარულ სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს. სესია მოსკოვში გაიმართება.
სომხური მედია ინფორმაციას სიმონიანის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სომხეთის პარლამენტის დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას შეხვედრებში. სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა გადაწყვეტილება ოფიციალური წერილით აცნობა რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს ვიაჩესლავ ვოლოდინს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტს, რომელიც 23 ნოემბერს მინსკში გაიმართა, არც ნიკოლ ფაშინიანი დაესწრო. ბელარუსში ჩასვლაზე უარი თქვეს ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.