ემიგრანტების ცნობით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩაწერილ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებას უზღუდავს. მათივე თქმით, ამომრჩეველთა სიაში ვერ მოხვდნენ. მიზეზად კი დაუსახელეს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა ფაქტობრივი მისამართი არ უფიქსირდებათ.
“როგორც აღმოჩნდა, ცესკო რომ მიიღებს ამ სიას, სახელებს, გვარს, მისამართს, ამ სიიდან ჩაწერს, იმ ადამიანებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საქართველოში, მაგრამ ტოვებს იმ ადამიანებს, რომელთა რეგისტრაციის ადგილიც არის დროებით ოკუპირებული ტერიტორია. ინფორმაცია არის, შეუძლიათ ჩააკოპირონ და ჩასვან, ამას ხელს არაფერი უშლის, მაგრამ ამბობენ, რომ არა. [..]
უწყებები, ყველანი თავს იმართლებენ ბაღის ბავშვებივით, ჩვენი ბრალი არ არის, კანონში წერია. მაგრამ რას აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოხსნან?”, – განუცხადა ფორმულას ემიგრანტმა ლადო სამუშიამ.
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები ამბობენ, რომ პრობლემა კანონმდებლობაშია და საზოგადოების მხრიდან მოთხოვნისა და ინტერესის საფუძველზე, პარლამენტს ამის შეცვლა შეეძლო.
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრის თამარ კორძაიას თქმით, სახელმწიფოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის ქ ქვეპუნქტის თანახმად, ამომრჩეველთა სიის ფორმირებისთვის შეუძლია მიიღოს დადგენილება და მე-14 მუხლის გ პუნქტით იხელმძღვანელოს, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩაწერილმა მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა მოახერხონ.
ცესკოს წევრმა, პარტიიდან სტრატეგია – აღმაშენებელი, ანა კობახიძემ განაცხადა, რომ ასეთი ემიგრანტებისთვის, რომლებმაც საკონსულო აღრიცხვა გაიარეს, ინდივიდუალურად უნდა შეექმნათ სამუშაო ჯგუფები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩაწერილი ემიგრანტი ამომრჩევლების ინფორმირება საყურადღებო უნდა ყოფილიყო.
ცესკოს წევრმა, ლელო – საქართველოსთვის წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ ცესკო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ჩაწერილი მოქალაქეების უფლებას ვერ უზრუნველყოფს, რაც სახელმწიფოსთვის დიდი პრობლემაა.
“ცესკო ვერ უზრუნველყოფს ასეთი მოქალაქეების პრობლემებს და ეს მთელი სახელისუფლებო ვერტიკალის პრობლემაა, რასაც ცესკო ექვემდებარება. ამდენი რესურსები, ფინანსები საინფორმაციო კამპანიაში იხარჯებოდა და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ეს ადამიანები პრაქტიკულად გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ”, – თქვა სიორიძემ ფორმულასთან.