ლაშა ტუღუში – რაც უფრო მეტი პირით და ინსტრუმენტით იქნება ხელისუფლებასთან დისკუსიები და ოპონირება, უფრო გაიზრდება შანსი, რომ ხელისუფლება კომპრომისზე წაიყვანო

ვფიქრობ, რომ რთული წელი იქნება, შეიძლება ძალიან რთული. მთავარია, რომ ძალადობა არ იყოს – დღესვე კარგად უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ უბნებში ქვებით სირბილი, იარაღის სადღაც ტრიალი, ჯოხები, მუშტი-კრივი და ა.შ. მიუღებელი უნდა იყოს ს პროცესში არა მარტო არჩევნების დღეს, არამედ, მაშინ, როდესაც ეს პროცესები გააქტიურდება, – ამის შესახებ „ლიბერალური აკადემია – თბილისის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, თუ ოპოზიციას სურს, რომ მისი ამომრჩეველთა რიცხვი გაზარდოს, საჭიროა, რომ საზოგადოებას კონკრეტული საკითხებითა და პროგრამებით ესაუბროს.
მისივე განცხადებით, ოპოზიციას „არ აქვს კარგად გაცნობიერებული, რა სურს საქართველოს ამომრჩეველს“.
„ვფიქრობ, რომ რთული წელი იქნება, შეიძლება ძალიან რთული. მთავარია, ძალადობა არ იყოს, იმიტომ, რომ თუ ძალადობრივი ფაქტები იქნება, ეს თავისთავად გადაუსვამს [ხაზს] ჩვენს შესაძლებლობებს, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ წავიდეთ. დღესვე კარგად უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ უბნებში ქვებით სირბილი, იარაღის სადღაც ტრიალი, ჯოხები, მუშტი-კრივი და ა.შ. მიუღებელი უნდა იყოს არჩევნების პროცესში არა მარტო არჩევნების დღეს, არამედ, მაშინ, როდესაც ეს პროცესები გააქტიურდება“,- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
რაც შეეხება იმას, რამდენად არსებობს რისკები ამომრჩეველთა განწყობებზე ზემოქმედებისა, ტუღუშმა განაცხადა, რომ აღნიშნული „სერიოზული პრობლემაა. ხელისუფლებამ ამომრჩეველი არ უნდა მოისყიდოს და მისი ადმინისტრაციული რესურსი ბოროტად არ უნდა გამოიყენოს“.
„ჩემი აზრით, სასურველი სცენარი ის იქნებოდა, რომ ოპოზიციამ კონკრეტულ საკითხებზე, კონკრეტულ საქმეზე მეტი აქცენტი გააკეთოს. თუ მას უნდა საკუთარი შანსები და შესაძლებლობები გაზარდოს, საზოგადოებას კონკრეტული საკითხებით და პროგრამებით უნდა ესაუბროს, რომლებზეც როგორც წესი, ადრე არ საუბრობდა. დღეს, მათი რეიტინგის ასეთი დაბალი პროცენტი, სწორედ იმითაა განსაზღვრული, რომ საქართველოს მოქალაქის პოლიტიკური გემოვნება და ინტელექტუალური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მგონია, რომ მათ, ვგულისხმობ ოპოზიციას, კარგად არ აქვთ გაცნობიერებული, რა უნდა საქართველოში ამომრჩეველს. საქართველოში ამომრჩეველს არ უნდა ხელისუფლების ამ დოზით კრიტიკა. მას უნდა კონკრეტული ცოდნა, ინფორმაცია, თუ რას აპირებს კონკრეტული პოლიტიკური ძალა. იმიტომ, რომ ის ენდობა კონკრეტულ იდეებსა და მოქმედებებს და რა თქმა უნდა, მათ კონკრეტულ ისტორიებს. არის პოლიტიკური საზოგადოების ნაწილი, რომელიც, რაც არ უნდა თქვან არ დაუჯერებს [პოლიტიკურ ძალას]. იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური ცხოვრება გვაჩვენებს იმას, რომ ვთქვათ, ესენი ამის გამკეთებლები არ იქნებიან, მაგრამ არსებობს ოპოზიციური პოლიტიკური ძალების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომლებსაც პერსპექტივა აქვს, გაიზარდოს, გაზარდოს მხარდამჭერთა რიცხვი და ეს გააკეთოს კონკრეტული წინადადებების წარმოდგენით, რომელსაც ერთჯერადი სახე არ უნდა ჰქონდეს. არჩევნების დღეს არ უნდა თქვან, რომ მე ეს მინდა. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ მათი რეიტინგები გაიზრდება და საზოგადოება ამ ძალებში ხელისუფლების ალტერნატივას დაინახავს. რაც შეეხება [ხელისუფლების მხრიდან] ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, ადმინისტრაციული რესურსის ცუდად გამოყენებას, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული პრობლემაა. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი არჩევნები, კონკურენტული არჩევნები და ეს ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველი არ უნდა მოისყიდო, ხელისუფლებამ თავისი მდგომარეობა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს, რასაც ის ყოველთვის აკეთებდა. მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“,- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
ასევე, ლაშა ტუღუშმა 9 დათქმის სამოქმედო გეგმაში ოპოზიციის ჩართულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან „დისკუსიები და ოპონირება რაც უფრო მეტი პირით და ინსტრუმენტით იქნება, შანსი უფრო [გაიზრდება] იმისა, რომ ხელისუფლება კომპრომისზე წაიყვანო“.
„ეს ხომ, ორჯერ ორი ოთხია?“ – აღნიშნა ტუღუშმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება