რუსეთის რეგიონებზე დრონებით მასირებული შეტევა იყო

რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 3 ოქტომბერს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 113 უკრაინული დრონი, მათ შორის 73 ბელგოროდის ოლქში, 25 – ვორონეჟში, 14 – კურსკის ოლქში და 1 – ბრიანსკში. ხმელეთზე შედეგების შესახებ ს თავდაცვის სამინისტრო არაფერს იუწყება.
ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ცნობით, დაზიანებულია ოთხი კერძო სახლი.
დღეს დილით, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ გუშინ, 2 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან შეტევის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 24 დაიჭრა. რა ტიპის შეტევა იყო, გლადკოვს არ დაუკონკრეტებია. უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ამ რეგიონს, საიდანაც ინტენსიურად იბომბება, თითქმის ყოველდღე უტევენ დრონებით, რაკეტებით და არტილერიით. რუსეთის კიდევ ერთ, კურსკის ოლქში აგვისტოდან გრძელდება სახმელეთო ბრძოლებიც.
უკრაინას რუსეთზე დრონებით დღევანდელი მასირებული შეტევის და მისი სამიზნეების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.