სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას – მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას აღნიშნული ორგანიზაციის და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
პრემიერი ანტიკორუფციულ ბიუროს ასევე მოუწოდებს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე ორგანიზაციისთვის, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების თაობაზე.
ის ფაქტი, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აქვს განცხადებული საარჩევნო მიზანი და ის მმართველი პარტიის წინააღმდეგ ღია საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას აწარმოებს, რისთვისაც შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებსაც იყენებს, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია. აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული და სრულად შეესატყვისება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების მართებულობა პირველი ინსტანციის სასამართლომაც დაადასტურა.
თუმცა, სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. ამასთან, სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად, იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოუცხადა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნისა და მისი მრავალწლიანი რადიკალური და მაპოლარიზებელი პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ ქართული საზოგადოებისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია. შესაბამისად, საზოგადოების მიერ სათანადო დასკვნების გამოსატანად, ამ ორგანიზაციისთვის არავითარი სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ არის აუცილებელი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2020 წელს უშუალოდ მონაწილეობდა პარალელური ხმის დათვლის ყალბი შედეგების ტირაჟირებაში. მანვე მოაწერა ხელი ყალბ დასკვნას საარჩევნო ოქმებში 8-პროცენტიანი ზედმეტობებისა და ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების თითქოსდა დაგვიანებით გამოქვეყნების შესახებ. შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მიზანმიმართულად შეუქმნა ხელოვნური საბაბი რადიკალურ ოპოზიციას, რათა დემოკრატიული არჩევნების შედეგები არ ეღიარებინა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოეთხოვა. ეს პროცესები, ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, რომელშიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ერთ-ერთ საკვანძო როლს ასრულებდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციის მეორე მცდელობაშიც, როდესაც 2022 წელს, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, პოლიტიკურ სცენაზე ავიდა და მთავრობის გადადგომა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება მოითხოვა.
დღეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოქმედებს განცხადებული საარჩევნო მიზნით, ღიად არის ჩართული საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში და აგრესიულად ცდილობს ხელისუფლებაში დააბრუნოს პოლიტიკური ძალები, რომლებმაც სახელმწიფოს მიტაცებითა და ავტორიტარიზმის დამყარებით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, ომით და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვით დაგვამახსოვრეს თავი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართულ საზოგადოებას სათანადო დასკვნების გამოსატანად და სიფრთხილის გამოსაჩენად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ რაიმე სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ სჭირდება.
აქვე ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ ერთად, განცხადებული საარჩევნო მიზნით მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციებიც მოქმედებენ, რომლებიც ცესკოში ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად არიან რეგისტრირებული. წმინდა სამართლებრივი მიდგომით მოქმედების შემთხვევაში, ანტიკორუფციულ ბიუროს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდება შეიძლება მოუხდეს ცესკოში ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული თითქმის ყველა ფინანსურად შეძლებული ორგანიზაციისთვის, რაც გარე მანიპულაციისთვის კიდევ უფრო აქტიურად შეიძლება იქნეს გამოყენებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ. ასევე, ანალოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.
მართალია, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების მიერ საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდის წარმოება უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს, სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს, მაგრამ საზოგადოებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების შელახული რეპუტაციიდან გამომდინარე, ამ დარღვევას, პრაქტიკული თვალსაზრისით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება,“ – აცხადებს კობახიძე.