უტინი ბირთვულ რიტორიკას აძლიერებს, მაგრამ შესაბამისი მოქმედებისთვისაც მზად არის?
რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების წესებში ცვლილებები შეაქვს. ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაა, რომ რუსული პოლიტიკა გადაიხედოს და ბირთვული იარაღის გამოყენება არაბირთვული სახელმწიფოების – უკრაინის და ნატო-ს წევრების წინააღმდეგაც იყოს შესაძლებელი, რაც მეტად საგანგაშო სიგნალია. თუმცა, ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არ არიან, რომ რუსეთის პრეზიდენტის ეს მუქარა შესრულდება. არსებული ბირთვული წესების გაფართოებაზე საუბარი კრემლმა მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინაში მოსკოვის შეჭრიდან 2,5 წელზე მეტი ხნის შემდეგ, კიევმა დასავლელი მოკავშირეებისგან მოითხოვა ნებართვა, რომ მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის სიღრმეში სამიზნეების გასანადგურებლად გამოიყენოს. ბირთვული რიტორიკის გაძლიერებით, პუტინი ცდილობს, კიევისთვის დასავლეთის უფრო ფართო მხარდაჭერას შეუშალოს ხელი. ამასთან, ბირთვული მუქარის სისტემატიური განმეორებით, ის საკუთარ თავსაც გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს – კრიტიკულ ვითარებაში, ბირთვული იარაღით არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მისი მხარდამჭერი ნატო-ს წინააღმდეგაც უნდა იმოქმედოს.
დედოფლის უნივერსიტეტის (ქალაქი კინგსტონი, ონტარიოს პროვინცია, კანადა – რედ.) საერთაშორისო და თავდაცვის პოლიტიკის ცენტრის მკვლევარი, მაქსიმ სტარჩაკი მიიჩნევს, რომ რუსული ბირთვული დოქტრინის გადახედვით, პუტინს სურს, ბირთვული იარაღის გამოყენების გზაზე დღეს არსებული ბარიერები შეამციროს. „პუტინი იმედოვნებს, უკრაინის ომში შეიტანოს დამატებითი – ბირთვული ფაქტორი. მას სჯერა და იმედოვნებს, რომ ეს ტაქტიკა იმუშავებს“, – აცხადებს სტარჩაკი. თავის მხრივ, ევროპელი სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელმაც „ფრანს პრესთან“ ანონიმურობის პირობით ისაუბრა, ხაზს უსვამს, რომ ომის 2,5 წლის განმავლობაში, პუტინს მოქმედების შეზღუდული არჩევანი ჰქონდა. „როდესაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ამით პუტინი ყველაფერზე წავიდა, მაგრამ დღემდე ვითარების ესკალაციის მცირე შესაძლებლობლობები გააჩნდა“, – განაცხადა ევროპელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.
მან პუტინის ხელთ არსებული სამი ვარიანტი დაასახელა: ბირთვული რიტორიკის გამოყენება, ბირთვული იარაღის გამოყენება და ჰიბრიდული ომი დასავლეთის წინააღმდეგ.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პუტინი არაერთხელ დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით, რაც დასავლეთმა მხოლოდ იარაღის ჟღარუნად ჩათვალა. მაგრამ ოთხშაბათს, 25 სექტემბერს, ის კიდევ უფრო შორს წავიდა და კრემლის უშიშროების საბჭოს სატელევიზიო სხდომაზე, ქვეყნის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებების შეტანის შესახებ გააკეთა განცხადება. განახლებული დოქტრინა იძლევა ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოების წინააღმდეგ, თუ მათ მხარს ბირთვული ძალები უჭერენ, რაც უკრაინასა და მის დასავლელ მხარდამჭერებზე აშკარა მინიშნებაა. პუტინის თქმით, ახალი წესები ასევე საშუალებას მისცემს რუსეთს, „მასირებელ“ საჰაერო თავდასხმებს ბირთვული პასუხი გასცეს.
ტაფტსის უნივერსიტეტთან არსებული ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის მკვლევარი, პაველ ლუზინი მიიჩნევს, რომ პუტინის მუქარა მაინც სიტყვების რახარუხად რჩება. „გაბრაზებული რუსეთი ეძებს გზებს, რათა მსოფლიო კვლავ შეშინდეს რუსული ბირთვული იარაღით“, – აღნიშნა მან. ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის ბირთვული ინფორმაციის პროექტის დირექტორი, ჰანს კრისტენსენი კი ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საპასუხო შეტევები რუსეთს სერიოზულ ზიანს აყენებს, რუსეთის მიერ განხორციელებულმა ბირთვულმა დარტყმამ შეიძლება ბევრად მეტი ზიანი გამოიწვიოს, თუ მას დასავლეთის ბირთვულ პასუხი მოჰყვება“. ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, ევროკავშირმა დაგმო პუტინის ბოლო ნაბიჯი, როგორც „უგუნური და უპასუხისმგებლო“, ხოლო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის ლიდერს „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ უწოდა.
მოსკოვში მცხოვრები რუსი სამხედრო ანალიტიკოსის, ალექსანდრე ხრამჩიხინის თქმით, რუსულ ბირთვულ დოქტრინაში ის „ვერანაირ ფუნდამენტურ ცვლილებას“ ვერ ხედავს და მისი ფორმულირება განზრახ კვლავ ბუნდოვანი დარჩა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო, თუ რა სიგნალს გააგზავნიდა კრემლი მას შემდეგ, რაც უკრაინამ არაერთხელ გადაკვეთა მოსკოვის „წითელი ხაზები“, მოაწყო ტრანსსასაზღვრო შეტევები კურსკის ოლქში და მასირებულად გამოიყენა დრონები რუსეთის სიღრმეში სამიზნეების გასანადგურებლად. ხრამჩიხინის აზრით, პუტინი სამხედროების, პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრივი აზრის მხრიდან მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება და ბირთვული იარაღის გამოყენებას (უკრაინის ომის მოსაგებად) ამიტომ ითხოვს. „ბოლო დროს გამუდმებით მესმის კითხვები უბრალო ხალხისგან, რომლებსაც აინტერესებთ, ჯერ კიდევ რატომ არ ვიყენებთ ბირთვულ იარაღს“, – აღნიშნა რუსმა სამხედრო ანალიტიკოსმა.
ომის დაწყებისთანავე, რუსული პროპაგანდა გაძლიერებულ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა და ბირთვული შურისძიებით დასავლეთის დედაქალაქებსაც კი დაემუქრა. „ქორად“ მიჩნეულმა პოლიტოლოგმა, სერგეი კარაგანოვმა მოუწოდა პუტინს, ცივილიზაციის „გადასარჩენად“, შეზღუდული ბირთვული დარტყმები გამოიყენოს. ივლისში გამოქვეყნებული „ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვის თანახმად, რუსების 34 პროცენტი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას გამართლებულად მიიჩნევს. „ნატო-ს წინააღმდეგ კარგად ჩამოყალიბებული პირდაპირი სამხედრო მუქარა დასავლეთთან კომუნიკაციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამავე დროს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ამ საფრთხეების შესაბამისად ვიმოქმედოთ“, – ამბობს რუსი პოლიტოლოგი, ვასილი კაშინი.
„ჩვენ შეგვიძლია მოვსინჯოთ შეზღუდული თავდასხმები აღმოსავლეთ ევროპის ობიექტებზე. ამან შეიძლება ბირთვული ესკალაცია გამოიწვიოს, მაგრამ კონფლიქტის დიდი ხნით გაჭიანურებაც არანაკლებ საშიშია“, – აცხადებს კაშინი.
წყარო: 1 არხი