უძრავი ქონების გაძვირებაზე ევროპაშიც ჩივიან

უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც უჩივიან. დედაქალაქებსა და მსხვილ ქალაქებში ფასების ძლიერმა ზრდამ მოქალაქეებს აიძულა საცხოვრისი პატარა ქალაქებში და შორეულ გარეუბნებში მოეძებნათ. ბოლო წლების ამ ტენდენციამ უკვე ასეთ ადგილებშიც გაზარდა მოთხოვნა, რაც ღირებულებაზეც აისახა. ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ რომ ევროპელები რამდენიმე ტიპის საცხოვრებლებში ცხოვრობენ: კერძო სახლებში (1-2 სართულიანი ბუნგალო, რომელიც წამყვანი ფორმაა), ტერასული სახლები (ძველი სტილის ე.წ. Row houses, რომლებიც როგორც წესი ქალაქების ცენტრშია), თანამედროვე აპარტამენტები ახალ მრავალსართულიან კორპუსებში, პანელის სტანდარტული შენობებში (1950-1970-იან წლებში მასობრივი სოციალური მშენებლობების პერიოდში აშენებული კორპუსები, რომელთა ნაწილიც დაანგრიეს) და საერთო ან მუნიციპალურ საცხოვრებლებში.
ევროკავშირში მოსახლეობის 69% ფლობს საკუთრებაში საცხოვრისს, 31% ნაქირავებში ცხოვრობს (შედარებისთვის საქართველოში ბინათმფლობელობის მაჩვენებელი ეროვნულ დონეზე 91.3%, ხოლო თბილისში 84.5%-ია). უფრო დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებში: საფრანგეთში 64%, გერმანიაში 49%, შვეიცარიაში კი 42%. 1 კვ.მ. ბინის ღირებულება ქვეყნების, რეგიონებისა თუ ქალაქების მიხედვით ძლიერ განსხვავდება. მაგალითად გერმანიაში როგორც წესი 3000-დან 8000 ევრომდე მერყეობს. პარიზში 10,000 ევროს აღემატება. იტალიაში და ბალტიურ ქვეყნებში კი 2000-დან 3000 ევრომდე მერყეობს. ყველაზე იაფი კი ბალკანეთის ქვეყნებშია.
ზოგადად, საცხოვრისზე ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაჩვენებელი ბელგიაში და შია. ბინის საყიდელ ფულს ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა ვადაში გამოიმუშავებენ:
· ბელგიაში 4.3 წელი;
· დანიაში 5 წელი;
· იტალიაში 6.2 წელი;
· ბრიტანეთში 7 წელი;
· პოლონეთში 8 წელი.
დასავლური სახელმწიფოების უმრავლესობა გამოირჩევა დაბალი იპოთეკური კრედიტის პროცენტით. ევროპის ქვეყნებში ის ჩვეულებრივ ერთნიშნაა და 2-დან 7%-მდე მერყეობს (საქართველოში საშუალო მაჩვენებელი 11.5%-ია).
წყარო: tia.ge