ფიქრია ჩიხრაძე – ივანიშვილის შექმნილი რუსული ყაიდის მმართველობითი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია შიშზე, იძულებაზე, ადამიანების კონტროლზე, ინგრევა, ამ ნგრევის დადასტურებაა განათლების მინისტრის უეცარი გადადგომა

ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი რუსული ყაიდის მმართველობითი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია შიშზე, იძულებაზე, ადამიანების კონტროლზე, ფაქტია, რომ ინგრევა, ამ ნგრევის ძალიან ცხადი დადასტურებაა დღეს განათლების მინისტრის უეცარი გადადგომა,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კონტროლის განხორციელებას ცდილობდა როგორც სკოლებზე, ისე უმაღლესი განათლების დაწესებულებებზე, თუმცა ფაქტია, რომ კონტროლის ეს მექანიზმები აღარ მუშაობს.
„დღეს არ აქვს მნიშვნელობა იმაზე საუბარს, განათლების მინისტრი ამ რთულ ვითარებაში გაუშვეს თანამდებობიდან თუ თავად დატოვა ის და გაექცა პასუხისმგებლობას. ორივე შემთხვევაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ტოტალური კონტროლი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დამყარებული ჰქონდა განათლების მთლიან სისტემაზე, როგორც სკოლებზე, ისე უმაღლესი სასწავლებლების მიმართულებით, კრახს განიცდის. ფაქტია, რომ კონტროლის ის მექანიზმები, რომლებიც აქამდე ცხადად მუშაობდა და ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ნანახი წინა წლების განმავლობაში, უკვე აღარ მუშაობს და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ უკვე ნელ-ნელა თავისუფალი ნების ძალიან ცხადი გამოვლინებები ხდება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში და ეს ძალიან მისასალმებელია. თქვენ იცით, რომ ამ კონტროლის განხორციელებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს არა მარტო სკოლებსა და მასწავლებლებზე, არამედ, უმაღლეს სასწავლებლებზე და ამ დღეებში საზოგადოებისთვის ცნობილი ფაქტი, რომ ილიას უნივერსიტეტმა პრაქტიკულად ვერ გაიარა აკრედიტაცია, ანუ დროებით მისცეს მას ავტორიზაციის გავლის შესაძლებლობა, თითქოს მან რაღაც პირობები ვერ დააკმაყოფილა, არაფერია გარდა იმისა, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. სწორედ იმის გამო, რომ ილიას უნივერსიტეტი იყო ის უნივერსიტეტი, რომელიც ე.წ. რუსული კანონის პროტესტის დროს, აქტიურად იყო პროცესში ჩართული როგორც სტუდენტების, ისე პროფესურის აქტივობით, ამავდროულად იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის, ჩვენი უცხოელი პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა ილიაუნიში, რომელზეც მიწვეულები არ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები – ჩვენ მაშინვე ძალიან ცხადად დავინახეთ ის ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც ჰქონდა განათლების სამინისტროს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ილიას უნივერსიტეტისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ და ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი მუქარა მოვისმინეთ. როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ ეს მუქარა სისრულეში მოიყვანონ.
სისტემამ შეჭამა თავისი თავი, ს რუსული მმართველობის სისტემამ ამოჭამა თავისი თავი, იმ ტოტალურმა კონტროლმა, რომელიც მათ ჰგონიათ, რომ 12 წლის თავზე განხორციელდება განათლების სისტემაში. სისტემა, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს იმისთვის, რომ თავისუფალ ადამიანებს ზრდიდეს, ზრდიდეს გამორჩეულ პროფესიონალებს, მათ გადაქცეული აქვთ საარჩევნო და ადმინისტრაციულ რესურსად, არჩევნებში თავიანთი მხარდამჭერების არა მარტო მობილიზების, არამედ საარჩევნო ხმების მიტაცების რესურსად, რაც არის დანაშაული, რაც არის მძიმე დანაშაული“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ცნობისთვის, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან გადადგა. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, კერძო სექტორში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს