ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდში, მათი კოალიციის კომისიის წევრებს, რომლებმაც საჩივრის დასაწერად საჩივრის ფურცლები მოითხოვეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ჩვენი კომისიის წევრებს, რომლებმაც საჩივრის დასაწერად საჩივრის ფურცლები მოითხოვეს, როგორც ტექნიკური დარღვევებისთვის, ისე უბნის თავმჯდომარეებისთვის, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა – მოვუწოდებ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომ უფლება მისცენ ჩვენს კომისიის წევრებს დაწერონ საჩივარი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ განაცხადა.
წითლიძის განცხადებით, „ასეთ გარემოში თავისუფალი ვერ ჩატარდება“.
„დღეს, ზუგდიდში და მთლიანად რეგიონებში, ყველა უბანში 10 საათზე სარჩევნო უბანი უნდა გახსნილიყო. საოლქო სარჩევნო კომისიამ თვითონვე უზრუნველყო, რომ კომისიის ყველა წევრი გაფრთხილებული ყოფილიყო უბნის გახსნასთან დაკავშირებით. რეალურად მივიღეთ სურათი, რომ არაკომპეტენტურობისა და არაორგანიზებულობის გამო, უბნები, რომლებიც 10 საათზე გახსნილი უნდა ყოფილიყო, ჯერ კიდევ, 14:30 საათია და არ არის გახსნილი. კომისიის წევრები, ე.წ დამოუკიდებელი კომისიის წევრები და „ქართული ოცნების“ კომისიის წევრები ადგილზე არ გამოცხადდნენ. უბნებში ინვენტარი არ იყო ადგილზე მიტანილი, რის გამოც უბნების გახსნა ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ზუგდიდის 20-ზე მეტ უბანში, ჯერ-ჯერობით უბანი არ არის გახსნილი. ასევე, მთელი რიგი პრობლემები შექმნათ კომისიის წევრებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობიდან“, რომლებმაც საჩივრის ფურცელი მოითხოვეს და შეეცადნენ, რომ ტექნიკურ დარღვევებზე და არა მხოლოდ, საჩივარი დაეწერათ. უბნის კომისიის თავმჯდომარეებმა, ჩვენს კომისიის წევრებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მაგალითად, 17-მდე უბანში საჩივრის დაწერის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ის, რომ უბნის კომისიის თავმჯდომარეები უბნებში კომისიის წევრებს არ აძლევენ საჩივრის ფურცლებს და ეს არის დარღვევა, ამაზე მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდის საოლქო სარჩევნო კომისიას ძალიან ადეკვატური პასუხი ჰქონდეს. მივმართავ ზუგდიდის საოლქოს სარჩევნო კომისიას და მირანდა მესხს: როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, როგორ უნდა ჩაატაროთ ან თავისუფალი ან სამართლიანი არჩევნები, როდესაც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ზუგდიდის საოლქოს სარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო, რომ დილის 10 საათზე ყველა უბანში კანონის შესაბამისად, უბნები გახსნილიყო მშვიდად და წყნარად.
მოვუწოდებ მირანდა მესხს: კეთილი ინებეთ, ახლავე დაურეკეთ თქვენი უბნის კომისიის თავმჯდომარეებს და უთხარით, რომ მათ არ აქვთ უფლება, კომისიის წევრებს ოპოზიციიდან არ მისცეს საჩივრის ფურცელი და არ მისცეს შესაძლებლობა, რომ ადგილზე გამოხატონ თავიანთი პოზიცია და დაწერონ საჩივარი. ასევე, დავამატებ, ჩვენ უკვე მოვახერხეთ ისიც, რომ ჩვენმა წარმომადგენელმა საოლქოში 20-ამდე საჩივარი უკვე შეიტანა ზუგდიდის საოლქო სარჩევნო კომისიაში. თუმცა კიდე ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პარტიის წარმომადგენლის მიერ შეტანილი საჩივრები და უბნებზე საჩივრის წერისას უბნის კომისიის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ წევრები ცდილობენ, რომ ჩვენს კომისიის წევრებს არ მისცენ შესაძლებლობა, უბნებზე საჩივრები დაწერონ“, – განაცხადა ანა წითლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.