რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით აღინიშნა და რომელსაც თეა წულუკიანიც ესწრებოდა, გიზო ჟორდანიას შვილმა, ასევე რეჟისორმა ირინე ჟორდანიამ ის საფრთხეები აღნიშნა, რაც ხელისუფლებისგან და საკანონმდებლო ორგანოდან სიტყვის, აზრისა და შემოქმედებით თავისუფლების ემუქრება.
„როდესაც ჩვენ დღეს საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან გვესმის, რომ თურმე შესაძლებელია ფილმებიდან ამოიჭრას სცენები, მე მჯერა თეატრისა და კინოს ინსტიტუტის, მე მჯერა თითოეული თქვენგანის, ჩემი თავის და მისი [გიზო ჟორდანიას] მოწაფეებისა და კოლეგების, რომ ჩვენ ყველა ერთად დავდგებით თავისუფალი სიტყვის, აზრის, თავისუფლად გამოხატვის სადარაჯოზე. ბოდიში ამ კადნიერებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი დუმილი იქნება საზარელი და ძალიან ხმამაღალი“, — მიმართა სცენიდან ირინე ჟორდანიამ საზოგადოებას.
ირინე ჟორდანიას სიტყვებს დარბაზში ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ირინე ჟორდანიას ამ სიტყვებს უძღოდა წინ თეა წულუკიანის გამოსვლა, როდესაც მან საჯაროდ გააცხადა, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებდა, რადგან „პარლამენტში დაუძახეს“.
პარლამენტმა 17 სექტემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს.