“შეიძლება კრიმინალი ადეიშვილი გაეროში იმყოფებოდეს?” – კალაძე

დედაქალაქის მერი ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ვიზიტს გაეროში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ის სხვადასხვა შეხვედრას, როგორც უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთი მონაწილე, ესწრება, ეხმაურება და ამბობს:
„ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები, არიან ისევ ისინი, ვინც ისეთ კრიმინალებს, როგორებიც არიან ადეიშვილი, სააკაშვილი, მერაბიშვილი და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, თავის გვარამიათი, მელიათი, უწოდებენ დემოკრატიის შუქურას. ახალგაზრდებს რომ ქუჩაში ხოცავდნენ, ბიზნესს ატერორებდნენ, ადამიანებს საკუთარ ქონებას ართმევდნენ და სახელმწიფოზე აფორმებინებდნენ, შეზღუდული იყო გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, არ არსებობდა მედია პლურალიზმი, ამაზე გვეუბნებოდნენ, რომ თითქოს დემოკრატიის შუქურა იყო. მე ხომ არ ვცდები, ხომ ასე გვეუბნებოდნენ? ხალხი ყველაფერს ვხედავთ, ვაფასებთ რეალურად, ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს, კარგად ვიცით, ვინ არის ამ ქვეყნის მტერი და ამ ქვეყნის მოყვარე, საქართველოს ხელისუფლება ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს, ეროვნულ ინტერესს, ვიცავთ საკუთარ ინტერესს და ხალხს და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ვიცით, რაც ხდება და როგორც ხდება. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავის აგენტურას ხელი დააფარონ. რაც არ უნდა კრიმინალები იყვნენ, გვეუბნებიან, რომ დემოკრატიის შუქურები არიან. როგორ შეიძლება, ადეიშვილი იქ იმყოფებოდეს, სადაც დღეს იმყოფება?! ჩვეულებრივი კრიმინალია და თავი იყო იმ ბოროტების, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების სახით გვყავდა. წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება და ქართველი ხალხი ამ ყველაფერზე 26 ოქტომბერს გასცემს შესაბამის პასუხს“.