“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტის დროს ირაკლი კობახიძეს აშშ-ის მთავრობიდან არავინ შეხვდა.
ამავე წყაროს თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ასევე უარი განაცხადა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.
სალივანის ფიგურა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ კუთხით, წინა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პერსონალურად სწორედ მას უხდიდა მადლობას საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების გამო.
ერთი წლის წინ რუსული კანონის გაწვევის შემდეგ, როდესაც დასავლეთსა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთობები შედარებით დასტაბილურდა, ღარიბაშვილი ამერიკაში სწორედ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩავიდა და კობახიძისგან განსხვავებით არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან. ღარიბაშვილი სწორედ მაშინ შეხვდა ჯეიკ სალივანს და განაცხადა, რომ “მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ფართო სპექტრი მიმოიხილეს და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს“.
ამ შეხვედრიდან ორ თვეში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ღარიბაშვილმა სალივანს პერსონალურ მადლობა გადაუხადა.
„რა თქმა უნდა, მე მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ერთი თვის წინ მქონდა ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან გარდამტეხი და გადამწყვეტი შეხვედრები, შეიძლება ასე ითქვას. მინდა გამოვყო შეხვედრა ბატონ სალივანთან და მინდა პირადად მას გადავუხადო მადლობა, ვინაიდან, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბატონი სალივანის და ამერიკის მთავრობის სურვილი და მხარდაჭერა იყო და არის დიდი მნიშვნელობის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი კობახიძის ნიუ-იორკში ვიზიტის პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კობახიძე ისრაელი დელეგაციას სთხოვდა სალივანთან წელს შეხვედრის ორგანიზებას, რაც “ქართულმა ოცნებამ” უარყო.
რაც შეეხება “ამერიკის ხმის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სალივანმა წელს კობახიძესთან შეხვედრაზე უარი თქვა, პრემიერის ოფისი აცხადებს, რომ “სალივანთან შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა”.
ამერიკის ხმის ინფორმაციით, ნიუ-იორკში შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია.
ბაიდენი 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს.
როგორც „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაცია „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირმა და კიდევ ერთმა წყარომ დაუდასტურა კონგრესიდან. მოგვიანებით, აღნიშნული ასევე დაადასტურა პრემიერის ოფისმაც, “ამერიკის ხმის” შეკითხვის პასუხად.
აღნიშნულზე “ამერიკის ხმასთან” საუბრისას, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი დასძენს, რომ „საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები, დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ნების მიმართ შოკისმომგვრელ უპატივცემულობაზე მიუთითებს“. თუმცა, ამბობს, რომ არ ისაუბრებს ცალკეული დიპლომატიური დისკუსიების დეტალებზე.
ამერიკის ხმისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯებია, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და “აირჩიე ევროპას” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე მმართველი ძალის მიერ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები.
“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, უკანასკნელმა კომუნიკაციამ საქართველოს მთავრობასთან, არ მისცა ამერიკის ადმინისტრაციას იმედი, რომ თბილისი კურსს შეიცვლის. არამედ, პირიქით, ადმინისტრაციას, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები არწმუნებს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა.