სწრაფვა უწყვეტი განვითარებისკენ – როგორ ინერგება საერთაშორისო გამოცდილება საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდში

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, მით უფრო – ბიზნესებისთვის, რომელთა მისია ინოვაციების დანერგვა და მომხმარებლების ყოველდღიურობის გაუმჯობესებაა. ამ კუთხით რეგიონში გამორჩეული ორგანიზაციაა, რადგან არაერთი წელია, აქტიურად ავითარებს მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებას, იყენებს ხელოვნურ ინტელექტს პროცესების ავტომატიზაციისთვის და შემუშავებული ანალიტიკით, პრაქტიკულად ყველა დეპარტამენტს სტრატეგიული მიზნების მიღწევაში ეხმარება.
თავის მხრივ, გუნდი რომელიც ამ პროცესზეა პასუხისმგებელი, არ ჩერდება და მუდმივად ეძებს ახალ გზებს განვითარებისთვის. მათ შორის აქტიურად მასპინძლობს გლობალური ბრენდების წარმომადგენლებს, რომლებიც გუნდის წევრებს საერთაშორისო პრაქტიკასა და ცოდნას უზიარებენ.
თუ როგორ ვითარდება მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტი საქართველოს ბანკში, ამაზე მიხეილ ნადარეიშვილი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი გვიამბობს:
რა როლს ასრულებს მონაცემთა ანალიტიკის გუნდი ორგანიზაციის სტრატეგიული ამოცანებისა და მიზნების მიღწევის პროცესში?
ჩვენი გუნდის მთავარი საქმიანობაა, ბიზნესს დავეხმაროთ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში. ამისთვის ორი ძირითადი მიმართულება გვაქვს: ერთი მხრივ, მივაწოდოთ ბიზნესს ისეთი ანალიტიკა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, მიიღონ გადაწყვეტილებები ინფორმაციაზე დაყრდნობით და მეორე მხრივ, შევქმნათ ხელოვნური ინტელექტის მოდელები, რომლებიც ადამიანის ჩარევის გარეშე, ავტონომიურად იღებენ გადაწყვეტილებებს.
ჩვენი გუნდის მიერ შემუშავებული ანალიტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბანკის ყველა მიმართულებით, იქნება ეს საკრედიტო, გაყიდვების, საოპერაციო თუ სხვა. მოხარული ვარ ვთქვა, რომ ჯამურად, ჩვენი მუშაობის შედეგად, ბანკს შეუძლია მომხმარებელს შესთავაზოს ბევრად უფრო პერსონალიზებული და სწრაფი მომსახურება, ვიდრე ადრე იყო შესაძლებელი.
როგორ ახერხებს გუნდი, იყოს ინფორმირებული ინდუსტრიის ტრენდებზე და მუდმივად ფეხი აუწყოს სწრაფ პროგრესს, რომელიც ამ დარგს ახასიათებს?
თანამშრომლების განვითარება ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია. გარდა იმისა, რომ ყოველთვის ვახალისებთ და მხარს ვუჭერთ გუნდის თითოეულ წევრს თვითგანვითარებაში, ჩვენ ასევე ვაორგანიზებთ შიდა გრძელვადიან ტრენინგებს, რომლებიც ჩვენს თანამშრომლებს ეხმარებათ მონაცემთა ანალიტიკის სხვადასხვა ტექნიკების კიდევ უფრო სიღრმისეულად შესწავლაში. გარდა ამისა, გვაქვს ფორმატები, რომელთა ფარგლებშიც ერთმანეთთან ვაზიარებთ იმ ცოდნას, რომელიც მუშაობისას გვიგროვდება.
აღსანიშნავია, რომ ანალიტიკის გუნდი ხშირად თანამშრომლობს საერთაშორისო ექსპერტებთან მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიებიდან. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული ფორმატია. ვცდილობთ, რეგულარულად გვყავდეს მონაცემთა ანალიტიკის ექსპერტები სტუმრად, რათა გავიფართოოთ თვალსაწიერი, გავეცნოთ მონაცემთა ანალიტიკის გამოყენებას წამყვან კომპანიებში და შევიძინოთ ახალი კონტაქტები. ამ შეხვედრების ფარგლებში გვყოლია ექსპერტები ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Uber და BWM.
Uber-ის შემთხვევაში ჩვენ გავეცანით მათ პრაქტიკებს და იმას, თუ როგორ მუშაობს ექსპერიმენტირება მათ ორგანიზაციაში. ეს გამოცდილება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და აქ მიღებულმა ცოდნამ, ნაწილობრივ, გავლენა იქონია ჩვენ მიერ საქართველოს ბანკში დანერგილ ექსპერიმენტების პრაქტიკაზე.
უახლოეს პერიოდში გუნდს გამოცდილებას NBA-ის წარმომადგენელიც გაუზიარებს. ამ თვალსაზრისით ეს შეხვედრაც ჩვენთვის გამორჩეულ მოლოდინებთან არის დაკავშირებული. შეხვედრის ფარგლებში, NBA-ს უფროსი მონაცემთა მეცნიერი მოგვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ მონაცემთა ანალიტიკას NBA-ში, რაც, დამეთანხმებით, ძალიან საინტერესო თემაა და ჩვენც დიდი ინტერესით ველოდებით.
როგორია გუნდის დინამიკა კარიერული წინსვლის თვალსაზრისით?
ჩვენ ვიყენებთ მსოფლიოში აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკას თანამშრომლების შეფასებისა და სწრაფად დაწინაურებისთვის. ჩვენთან მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა სტაჟი აქვს თანამშრომელს, არამედ ის, თუ რამდენად სწრაფად ვითარდება და რამდენად დიდი ღირებულება მოაქვს თავისი ნამუშევრით.
ჩვენ შემუშავებული გვაქვს თანამშრომლის დონის განსაზღვრის მეთოდიკა, რომლითაც ყველა თანამშრომელს ცალ-ცალკე რამდენიმე ათეული უნარის მიხედვით ვაფასებთ. ეს საშუალებას გვაძლევს, ერთი მხრივ, თანამშრომლებს შევუქმნათ წარმოდგენა, თუ განვითარების რა ეტაპზე არიან თითოეული უნარის ჭრილში და მეორე მხრივ, დავეხმაროთ განვითარების მკაფიო გზის დასახვაში, რომელიც მათ სასურველი საფეხურის სწრაფად მიღწევაში დაეხმარება.
შეფასების ასეთი სისტემა გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ გარემო, სადაც მოკლე ვადაში წინსვლის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორები შრომისმოყვარეობა, ნიჭი და მონდომებაა.
რაც მთავარია, ყოველთვის ვეძებთ ახალ ტალანტებს ჩვენი გუნდისთვის. ვისაც სურთ, გახდნენ ინოვაციური, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრები, აკეთონ მათთვის საინტერესო საქმე და მუდმივად აღმოაჩინონ და შეიმეცნონ რაღაც ახალი, ვურჩევ, თვალი ადევნონ ჩვენს კარიერის გვერდს.