გიორგი კირთაძის თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვების გადაწყვეტილება უშუალოდ პარტიის მოქმედი მენეჯმენტის გამო მიიღო. კირთაძის აზრით, მცდარია შეხედულება, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ყველა გადაწყვეტილებას სააკაშვილი იღებს. კერძოდ, ტაბულამ კირთაძეს ჰკითხა – “ხაბეიშვილი ხომ ვერაფერს იზამდა სააკაშვილის გარეშე, მას რატომ არ აკრიტიკებთ”.
“მე მგონია, რომ არ არის ის ამბავი მართალი, როცა ამბობენ, რომ მიშა იღებს პარტიაში ყველა გადაწყვეტილებას. აი, ბოლო გადაწყვეტილება, რაც იყო დარეჯან ცხვიტარიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნა, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ მიშა სააკაშვილის სახელით ხსნიდე მას პარტიული თანამდებობიდან. არ მჯერა, რომ ეს მიშასთან შეთანხმებული იყო… ამიტომ, პარტიის მენეჯმენტის მხრიდან მიშაზე ყველაფრის გადაბრალება არ მგონია სწორი საქციელი”. – თქვა გიორგი კირთაძემ და აღნიშნა, რომ მისი მიზანია, გაათავისუფლოს “ტყვეობაში მყოფი” ყოფილი პრეზიდენტი.
“რატომ უნდა გავაკრიტიკოთ ტყვეობაში მყოფი ადამიანი, მართლა არ მესმის. ჩვენი ბრძოლის შედეგი უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ბოლო პოლიტიკური პატიმარი. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება ჩემთვის პირველ რიგში ამასაც ნიშნავს”. – ამბობს ის.
გიორგი კირთაძის თქმითვე, ენმ-ს ამჟამინდელი მენეჯმენტის მოქმედებებზე დაკვირვებით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვების რეალურ შესაძლებლობას ვერ ხედავს.
“ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. მგონია, რომ ამ წარმოუდგენელ უაზრობას საბოლოოდ წერტილი უნდა დასმოდა და ყველანი ერთად რეალურად მოვმზადებულიყავით 2024-ში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასაშვებად. ამის შანსს ნაციონალური მოძრაობიდან, დღევანდელი მოქმედი მენეჯმენტის მუშაობის გათვალისწინებით, რომ ვერ ვხედავდით, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”.- უთხრა კირთაძემ ტაბულას.