ყოფილმა ყარაბაღელმა უფლებადამცველებმა ბაქოს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

მთიანი ყარაბაღის ყოფილმა ომბუდსმენებმა, გეგამ სტეფანიანმა და არტაკ ბეგლარიანმა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ სარჩელი შეიტანეს.
ამის შესახებ არტაკ ბეგლარიანმა “კავკაზსკი უზელის” ცნობით, სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე განაცხადა და განმარტა, რომ სარჩელი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ეხება. განმცხადებლებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარმოადგენენ საერთაშორისო ადვოკატები ფრანსუა ზიმერი და კატალინა დე ლა სოტა.
“სარჩელში ხაზგასმულია, რომ (მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ) განიცადა ტანჯვა საკვებისა და სამედიცინო დახმარების ნაკლებობის გამო, რაც გამოწვეული იყო 2022 წლის დეკემბერში დაწყებული მთიანი ყარაბაღის ცხრათვიანი ბლოკადით. ამას მოჰყვა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების აგრესია 2023 წლის 19 სექტემბერს და მოსახლეობის იძულებითი გადასახლება. საჩივარი შეტანილი იყო შეტყობინების სახით რომის სტატუტის მე-15 მუხლის შესაბამისად, რომელიც პროკურორს საშუალებას აძლევს, დაიწყოს გამოძიება მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ადვოკატების თქმით, მთიანი ყარაბაღიდან სომხების დეპორტაციას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ყველა ნიშანი აქვს. ეს იყო ადამიანების იძულებითი გაძევება მათი კანონიერი საცხოვრებელი ადგილიდან და ფართომასშტაბიანი თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობაზე, ყველა აღნიშნული შედეგის გაცნობიერებით. არსებობს ყველა პირობა, რომ ამ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ საერთაშორისო სისხლის სამართლის ფარგლებში”, – ნათქვამია ბეგლარიანის გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში.
მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა, “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით, 2023 წლის 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. 19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.
2024 წლის პირველი იანვრიდან, 2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გამო, არცახის რესპუბლიკამ [თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა] არსებობა შეწყვიტა.