ერთი რამ ზუსტად იცოდეთ – მომავალი არის თქვენი და მეც, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენთვის გაკაფული იყოს ეს გზა პოლიტიკაში, – ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ახალგაზრდული ფორუმის” პირველ სესიას, რომელსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ უმასპინძლა.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, 2024 წელს პოლიტიკური ველი გადახალისდება.
“ერთი რამ ზუსტად იცოდეთ, მომავალი თქვენია და მეც, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენთვის გაკაფული იყოს გზა. შიდა და გარე დისკუსიებია, რომელსაც ტელევიზიით უყურებთ, ასევე ყოველდღიურად ძალიან ბევრი პოლიტიკური ჭიდაობაა. კარგად უნდა გესმოდეთ, რომ მეც მზად ვარ, რომ ეს დარტყმა იქნება, თუ თავდასხმა საკუთარ თავზე ავიღო მხოლოდ ერთი პირობით – თუ ასეთი ლამაზები, ლაღები, ფერადები, ჭკვიანები, ახალგაზრდები იქნებით წინა ფლანგზე, გექნებათ კონკრეტული ინსტრუმენტები, რათა პოლიტიკაში იყოთ ჩართული და არა მარტო ოპოზიციაში.
რამდენიც არ უნდა ისაუბრონ შიგნით, თუ გარეთ, რა პროპაგანდაც არ უნდა იყოს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსული ხელისუფლება დასრულდება. წარმოუდგენელია, ამ ქვეყანაში, სადაც ასეთი გონიერი, ახალგაზრდა თაობაა რამენაირად გაიხანგრძლივოს პოლიტიკური სიცოცხლე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა.
თითოეულ თქვენგანზეა დამოკიდებული, თუ რამდენად აქტიურები იქნებით. უნდა გესმოდეთ, რომ პროცესი, რომელიც ახლა მიდის, მათ შორის სრულიად ოპოზიციურ ველზე, არ ეხება მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას, თქვენთვის შესაძლებლობა არის.
2024 წელს საერთოდ გადახალისდება პოლიტიკური ველი, ეს მოხდება ბუნებრივად. მეეჭვება “რუსულმა ოცნებამ” ოპოზიციაში გაძლოს და საერთოდ იარსებონ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ოპოზიციაშიც იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციაშიც იყვნენ პროდასავლელი ლიდერები, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას გაუწევთ სხვადასხვა პროგრამაში.
დარწმუნებული ვარ, 2024 წლის შემდეგ ეს დისკუსიები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიხსნება, ვიდრე ახლა. ახლა გვიწევს იმ რეალობაში ყოფნა, სადაც რუსები, “ეფესბეს” აგენტები უნდა გავყაროთ, ამას მხოლოდ ჩვენ, პოლიტიკოსები არ ვამბობთ, ამბობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელმაც დაასანქცირა ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე, ასევე სასამართლოს კლანი. ეს ველი თქვენი გასარღვევია. დღეს თქვენ არაფერს არ უყურებთ გარდა იმისა, რომ ისინი წვალობენ რუსულად და რუსულ საქმეს აკეთებენ ყოველდღიურ რეჟიმში.
მათი პროპაგანდაც თავიდან ბოლომდე რუსულია – სალავიოვს, მარგარიტა სიმონიანს, კობახიძეს და მდინარაძეს რომ უსმინოთ, ნახავთ, რომ ერთი და იმავეს საუბრობენ.
როდესაც ვამბობ, რომ მზად ვარ ავიღო ყველანაირი დარტყმა ჩემზე, ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ ირაკლი ფავლენიშვილისთვის, ვასო ურუშაძისთვის, გიგი გიგიტელაშვილისთვის, იგორ ნარმანიასთვის, ცოტნე აბესაძისთვის, ლევან სანიკიძისთვის, ბექა ქორჩილავასთვის, ტიტე გედენიძისთვის, გვანცა გაზდელიანისთვის, თათია ნიკოლაშვილისთვის გახსნილი იყოს გზა პოლიტიკაში.
უნდა გესმოდეთ, რომ ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობები. ვიღაცებს ეს არ მოსწონთ, ობიექტური რეალობაც არის. ეს ხალხი 20-30 წელია პოლიტიკურ ველზეა და ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი მემკვიდრეობით უნდა ჰქონდეთ. ჩემი პატივისცემა ყველას, მათი საქმე დაფასებული უნდა იყოს, რაც არ უნდა გაბრაზებულები იყვნენ, ტალახი გვესროლონ, ჩვენ გვესმის, რომ მათ კონკრეტული დამსახურებები აქვთ. ჩვენ ამ დამსახურებებს არავის დავუკარგავთ, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მომავალი არის თქვენნაირი ახალგაზრდების”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ფორუმი გუშინ გაიმართა, დღეს კი ლევან ხაბეიშვილი აშშ-ში გაემგზავრა.