Reuters-ის ცნობით, ინდონეზიაში ვულკან “მარაპის” ამოფრქვევის შედეგად 11 მთამსვლელი დაიღუპა – ისინი დასავლეთ სუმატრაში იპოვეს. სამაშველო სამსახურის თქმით, დაკარგულად მიიჩნევა 12 ადამიანი, რომელთა სამძებრო სამუშაოები უსაფრთხოების გამო, დროებით შეჩერებულია.
ამ დროისთვის ნაპოვნია მხოლოდ 3 ადამიანი, რომელიც ვულკანს გადაურჩა. საშიში ზონიდან განხორციელდა 49 მთამსვლელის ევაკუაციაც. რამდენიმე მათგანს დამწვრობა აქვს მიღებული.
ცნობისთვის, “მარაპი” კუნძულ სუმატრას ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ის კვირას, 3 დეკემბერს, ამოიფრქვა. ხელისუფლებამ განგაშის მეორე უმაღლესი დონე გამოაცხადა და კრატერიდან სამი კილომეტრის რადიუსში ტერიტორიაზე შესვლა აკრძალა.
“მარაპის” ამოფრქვევამ 1979 წელს 60 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.