საბანკო სისტემა „განუხრელად დაიცავს“ საერთაშორისო სანქციებს – საბანკო ასოციაცია

აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შემდეგ, საქართველოს საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ საბანკო სისტემა „განუხრელად დაიცავს“ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.
ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს საბანკო ასოციაციაში განუცხადეს.
„საქართველოს საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს -ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს“, – განუცხადეს ნეტგაზეთს საქართველოს საბანკო ასოციაციაში.
აშშ-ის ფინანსური სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ნეტგაზეთი „საქართველოს ბანკს“ და „ ბანკსაც“ დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ საბანკო ასოციაციის განცხადებით გვეხელმძღვანელა.
საბანკო ასოციაციის განცხადებაში არაფერია ნათქვამი გასული წლის სექტემბერში ეროვნული ბანკის მიერ შეცვლილ რეგულაციაზე, რომელიც აშშ-ის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ მიიღეს.
ამ ცვლილების მიხედვით, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.
შესაბამისად, ამ ეტაპისთვის უცნობია, როგორც მოიქცევიან ბანკები, აღასრულებენ აშშ-ის სანქციას თუ ეროვნული ბანკის რეგულაციას, როდესაც ისინი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.
· სებ-მა სანქციებზე წესი შეცვალა, ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა შეუნარჩუნდება
16 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო, საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა.
დასანქცირებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლები- ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.
სანქცირება შემდეგ შეზღუდვებს გულისხმობს:
· სანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ქონებაში მათი წილები შეერთებულ შტატებში დაყადაღებულია.
· დაყადაღებულია სუბიექტები, რომლებიც 50% ან მეტით, პირდაპირ თუ ირიბად, სანქცირებული ფიზიკური პირების საკუთრებაშია.
· აკრძალულია ნებისმიერი ტრანზაქცია აშშ-ში, რომელიც სანქცირებული პირების საკუთრებას ან ინტერესებს ეხება. ამ წესიდან გამონაკლისი მხოლოდ აშშ-ს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ნებართვით იქნება დაშვებული.
ზვიად ხარაზიშვილის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში აქვს ჩაბარებული, მას საბანკო ანგარიში „თიბისი ბანკში“ აქვს. სწორედ „თიბისი ბანკში“ ერიცხება მას ხელფასი.
· აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა „ხარებას”, მახარაძეს და მორგოშიას