პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეების არჩევანი განსაზღვრავს იქნება თუ არა საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი უბიძგებს.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 16 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოს ისტორიისათვის გარდამტეხი არჩევნების დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ამას ყოველდღიურად ვხედავთ, უფრო და უფრო ნათლად.
ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა, თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი.
ამიტომ, 26 ოქტომბერი არის არა მხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნების დღე (ამას იმდენჯერ გავიმეორებ, რამდენჯერაც საჭირო იქნება). ეს არის მთავარი არჩევანის დღე, რეფერენდუმის დღე – ვარჩიოთ სუვერენიტეტი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული ფასეულობები, თუ დავუთმოთ ჩვენი მომავალი რუსეთს.
დღეს არჩევანი ერთია – ან ევროპა, ან რუსეთი და ჩვენ ეს ქვეყანა არავისთვის არასდროს დაგვითმია და არც არავის დავუთმობთ. ეს არჩევანი ჩვენი, ყველას ერთობლივი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით და ვატარებთ სამომავლოდ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.