საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ საქმიანობის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ინფორმაციის გამოთხოვაზე განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციის შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ წარდგენილი დასაბუთებები კითხვებს აჩენს და პრობლემური გარემოებების არსებობაზე მიუთითებს.
ამ საკითხზე საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ მედიასთან დღეს, 16 სექტემბერს ისაუბრა.
ორგანიზაცია „აირჩიე ევროპის“ და მისი დამფუძნებლების საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია, ასევე აქტივებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობით, ანტიკორუფციულმა ბიურომ 2024 წლის 6 სექტემბერს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სასამართლომ შუამდგომლობა იმავე დღეს დააკმაყოფილა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა როგორც ბიუროს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა, ასევე სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანება.
„მიგვაჩნია, რომ იკვეთება არაერთი პრობლემური გარემოება. 2024 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ბიუროს მიენიჭა უფლებამოსილება პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის, გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, ნებისმიერი პირისგან გამოითხოვოს ინფორმაცია. იმისათვის, რომ გამოირიცხოს ანტიკორუფციული ბიუროს თვითნებური გადაწყვეტილებების რისკები, კანონმდებლობით გათვალისწინებულია სასამართლო კონტროლის მექანიზმი. შესწავლილ დოკუმენტებზე დაყრდნობით იკვეთება, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ისე დააყენა შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომ არ არის დასაბუთებული, დაწყებულია თუ არა მონიტორინგი, შესაბამისი სუბიექტის მიმართ და კონკრეტულად რომელი სუბიექტის მიმართ მიმდინარეობს ეს პროცესი“, — ნათქვამია საიას განცხადებაში.
საია მიუთითებს, რომ დაუსაბუთებელია გამოთხოვილი ინფორმაციის მოცულობის საჭიროება და მიზანთან თავსებადობა. გარდა ამისა, „აირჩიე ევროპის“ დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია გამოთხოვილია ორგანიზაციის დაარსებამდელ პერიოდზეც. ამასთან, როგორც ბიუროს, ისე სასამართლოს მხრიდან დაუსაბუთებელია, რატომ ითხოვენ ფიზიკური პირების ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას.
„იმ პირობებში, როდესაც ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუტის დამოუკიდებლობა არ არის მიღწეული, მის მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები წარმოშობს ეჭვებს ანტიკორუფციული ბიუროს მანდატის თვითნებური გამოყენების თაობაზე. ამგვარი გადაწყვეტილებები აჩენს ინსტიტუტის მიმართ ნდობის შემცირების რისკებს. ასევე, ასეთ პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სასამართლომ შეასრულოს ბალანსისა და უფლებების დაცვის გარანტის ფუნქცია, რომელიც ამ შემთხვევაში ვერ შეასრულა. სასამართლოს ბრძანება არ სცემს პასუხს არცერთ არსებით კითხვას, რაც ამ საქმეშია გამოკვეთილი“, — აცხადებს საია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს და სასამართლოს იხელმძღვანელონ კანონის მოთხოვნებისა და სამართლებრივი პრინციპების დაცვის სტანდარტებით; საქმიანობა წარმართონ ამ პრინციპებზე დაყრდნობით ისე, რომ არ შეიზღუდოს კონკრეტული სუბიექტების სამართლებრივი უფლებები.
13 სექტემბერს მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილდა ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა, სახიფათო უწოდეს და განაცხადეს, რომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„აირჩიე ევროპა“ სამოქალაქო მოძრაობაა, რომელიც 11 ივლისს დაფუძნდა. მისი დამფუძნებლები არიან უსაფრთხოების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, თსუ-ის პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ექსპერტი გიორგი რუხაძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი და ბიზნესმენი ივა ჭყონია.
მოძრაობის გაცხადებული მიზანია დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
ნეტგაზეთი ცდილობდა ანტიკორუფციული ბიუროსგან განმარტების მოპოვებას, კერძოდ, იმის გარკვევას, თუ როგორ ასაბუთებენ უწყებაში სასამართლოსთვის წარდგენილ აღნიშნულ მოთხოვნას, თუმცა ანტიკორუფციულ ბიუროს პასუხი გამოცემისთვის არ გაუცია.
„აირჩიე ევროპა“ აცხადებდა, რომ 26 ოქტომბრამდე შეეცდებოდა არჩევნებზე პროდასავლური ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას. „კამპანიის სახელწოდება იქნება 100 დღე გამარჯვებამდე, რაშიც ჩართული იქნება საქართველოსა და მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქართველები“, – თქვა მოძრაობის თანადამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ პრეზენტაციაზე. სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნების ცერემონიაზე დამსწრეებს მიმართეს რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ, მუსიკოსმა ნიკოლოზ რაჭველმა, მხატვარმა გოგი-ალექსი მესხიშვილმა, ქორეოგრაფმა ნინო სუხიშვილმა, რეჟისორმა ლევან წულაძემ, მუსიკოსმა ნინო ქათამაძემ და სხვებმა.