გაკეთებული და გასაკეთებელი – ივანიშვილმა “ოცნების” ეკონომიკური პოლიტიკა მიმოიხილა

გაკეთებული და გასაკეთებელი – ივანიშვილმა “ოცნების” ეკონომიკური პოლიტიკა მიმოიხილა
“12 წლის წინ, თქვენ წინაშე გამოსვლისას, მე დაგპირდით, რომ სახელმწიფო ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას შეცვლიდა და ეს დაპირება შევასრულეთ. შემოვიღეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რამდენჯერმე გავზარდეთ პენსია და სოციალური დახმარებები, ასი ათასობით ადამიანმა დაძლია სიღარიბე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ გამყოფი ხაზის პირას მცხოვრებ მოსახლეობას, ხორციელდება სოციალური პროგრამები დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, მათთვის შემუშავებულია და მოქმედებს რამდენჯერმე გაზრდილი სოციალური დახმარებისა და შეღავათების პაკეტი” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ,, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ივანიშვილმა აგრარული მიმართულებით “ოცნების” პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება.
“2012 წელს ჩვენ ვაცხადებდით, რომ ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია და დაგპირდით, რომ ქართული სოფლის აღორძინებისთვის მილიარდიან ფონდს შევქმნიდით. ამ დაპირების შესაბამისად, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქართული სოფლის გაძლიერებისათვის ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარი იხარჯება. შედეგად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა; შეიქმნა 420 ახალი გადამამუშავებელი საწარმო და შემნახველი ობიექტი; 23 ათას ჰექტარზე გაშენდა მრავალწლოვანი კულტურები; 70 პროცენტით გაიზარდა ვენახების ფართობები და 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავება, 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელმაც ტრადიციული ბაზრები გააქრო და ალტერნატიული ვერ მოიძია, ჩვენ მოვახერხეთ და ქართული პროდუქცია დავაბრუნეთ ს ბაზარზე, პარალელურად კი ახალი ბაზრებიც ავითვისეთ. დღეს ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში წარმატებით იყიდება ქართული ღვინო, ხილი და მრავალი სხვა აგრარული პროდუქტი,” – თქვა ივანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ