მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აპირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანონ სარჩელი, რითაც ითხოვენ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
როგორც ერთ-ერთმა ადვოკატ ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს სრულიად დაუსაბუთებელი და არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო და პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ხელმეორე პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არა მხოლოდ „დაუსაბუთებელი და შეკვეთილი გადაწყვეტილებაა“, არამედ ამით დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია.
„შესაბამისად, ჩვენ მოვამზადეთ კონსტიტუციური სარჩელი კონსტიტუციის მე-9 და მე-13 მუხლთან მიმართებაში, რომ მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილება არღვევს პირის თავისუფლების და ღირსების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას. ამავდროულად, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბერს მსგავს საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს,რომელშიც ვკითხულობთ, რომ დაუშვებელია იმ პირისთვის პატიმრობის შეფარდება, ვისაც უკვე ამ საქმეზე ბრალდების წარდგენის მომენტიდან საპატიმრო დაწესებულებაში გატარებული აქვს 9 თვეზე მეტი ვადა. შესაბამისად, მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ამის გაუქმების კონსტიტუციური წინაპირობები არსებობს”, – განაცხადა ბასილაიამ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი უკვე მზად არის და უახლოეს დღეებში შეიტანენ სასამართლოში, თუმცა რა ვადაში განიხილავს და გადაწყვეტს სასამართლო სარჩელს, ეს დამოკიდებულია იმ კონიუნქტურაზე რასთან დაკავშირებითაც, სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა იღებს გადაწყვეტილებებს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ არა მხოლოდ ამ, არამედ, მიმდინარე სხვა აქტუალურ პროცესებზე საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციას, რომელიც თავიდან ბოლომდე, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკას მიჰყვება. ყველას კარგად გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ხელმეორედ შეფარდებული პატიმრობა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. სწორედ პოლიტიკური დაკვეთის გამო დაარღვია მოსამართლე ჯინჯოლიამ საქართველოს კონსტიტუცია“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ასევე ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ ჯინჯოლია არის მოსამართლე, რომელიც პროკურატურიდან პირდაპირ სასამართლოში გადაიყვანეს „ამგვარი ცუდი შეკვეთების შესასრულებლად“.
თუთბერიძის თქმით, ჯინჯოლიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება თავად სამართლის ნორმის ლოგიკას, არამედ ქართული მართლმსაჯულების ბოლო 30 წლიან პრაქტიკას.
ადვოკატის განმარტებით, უკვე პატიმარ ადამიანს ხელმეორე პატიმრობა არასდროს ეკისრება, რადგანაც ეს უბრალოდ აბსურდულია.
მისი თქმით, ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება მიხელ სააკაშვილის წინააღმდეგ.
შოთა თუთბერიძის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელით მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან, ცხადია, არ გათავისუფლდება, თუმცა ამ სარჩელი მიზანია არის შემდეგი რამ: „უკანონობას დაერქვას უკანონობა, ერთი ინსტიტუცია მაინც იყოს რომელსაც იმ დონის ავტორიტეტი მაინც აქვს შერჩენილი,რომ ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის მიერ ტელეფონით გაცემულ მითითებებს არ უგდებს ყურს“,-განაცხადა თუთბერიძემ.