ფიზიკური პირების ქონების გადასახადი დროულად უნდა შეიცვალოს – რომან გოცირიძე
პარლამენტის ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის რეფორმა სწრაფად უნდა გატარდეს.
როგორც გოცირიძემ BMG-ის განუცხადა, ფინანსთა სამინისტრომ რეფორმის ფარგლებში ერთმანეთისგან უნდა გააცალკევოს იურიდიული და ფიზიკური პირების გადასახადის საკითხი, რათა მოქალაქეების ნაწილში ცვლილებები სწრაფად შევიდეს.
რომან გოცირიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე თავად ფინანსთა სამინისტრო დიდი ხანია საუბრობს, ამ დრომდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.
დეპუტატის თქმით, ფიზიკური პირების ნაწილში დღეს არსებული ქონების გადასახადის ზღვარი, 40 ათასი ლარი დიდი ხანია მოძველებულია და სწორედ ამ მიმართულებით უნდა შევიდეს ცვლილებები.
„მთავრობამ რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, მათ შორის პარლამენტში, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებით ცვლილებები შევიდოდა. ჩემი ინიცირებული კანონპროექტი ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით იმიტომ არ მიიღეს, რომ ამბობდნენ, უკეთესი ინიციატივა გვაქვსო. თუმცა ახლა წინასაარჩევნოდ არ უნდათ ამ თემის წამოწევა. ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების გადასახადის საკითხი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და მოქალაქეების მიმართულებით ცვლილებები დროულად უნდა შევიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკითხი კიდევ გაიწელება. გამოსავალი ორია – დასაბეგრი, 40 ათას ლარიანი ზღვარი, ინფლაციის და შემოსავლების ზრდის გათვალისწინებით, უკვე მოძველებულია და ის მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს. მეორე მხრივ, მთავრობა ამბობდა, რომ ეს გადასახადი არა შემოსავლებზე, არამედ მიწაზე უნდა იყოს დამოკიდებული. ამ ვარიანტზეც შეიძლება საუბარი. თუმცა ეს სწრაფად უნდა გაკეთდეს და დროულად უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის ცვლილებების კანონპროექტზე ამ დრომდე მუშაობს. ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ პროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში ჯერ კიდევ პარლამენტის გასულ საგაზაფხულო სესიაზე იგეგმებოდა, სავარაუდოდ, 2-3 თვეში იქნება მზად, რის შემდეგაც მისი საჯარო განხილვები დაიწყება.