თბილისის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ყაზბეგის N32-ში მშენებლობა კანონიერად მიმდინარეობს.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან მოსახლეობის პროტესტზე ისაუბრა და თქვა, რომ მერია ყაზბეგის გამზირზე მცხოვრებლებს ალტერნატივას სთავაზობს – კორპუსის გამაგრებას ან სრულ დემონტაჟს და ახალი საცხოვრებლის აშენებას.
“მშენებლობა მიმდინარეობს კანონიერად. ვიცნობ აღნიშნულ პრობლემას. რაც შეეხება იმ კორპუსის ავარიულობას, არაერთხელ დავაფიქსირეთ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, ხელი შევუწყოთ იმ კორპუსის გამაგრებაში. თუ აღნიშნული წინადადება მათთვის მიუღებელია, შეგვიძლია მეორე პროექტი განვახორციელოთ – მთლიანად ჩანაცვლება, დემონტაჟი ძველი ავარიული კორპუსის და ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა”- თქვა კალაძემ.
რაც შეეხება კორპუსის მშენებლობასთან ოლიგარქ ივანიშვილის ძმის კავშირს, კალაძე ამტკიცებს, რომ ალექსანდრე ივანიშვილს ამასთან “კავშირი არ აქვს” და ინფორმაციას ამის შესახებ “პოლიტიკურ სპეკულაციებს” უწოდებს.
ყაზბეგის გამზირის N32-ის მცხოვრებლები კორპუსის წინ მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია მრავალსართულიან კორპუსს უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის გარეშე აშენებს. მოსახლეობა ჰყვება, რომ სამუშაოების დაწყებას მათ კორპუსში მოჰყვა რყევები, დაიბზარა ასფალტი.
2022 წელს ადგილზე მშენებლობის უფლება მოიპოვა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა, თუმცა ის მალევე გაასხვისა. ახლა მშენებლობას სამუშაოებს ატარებს კომპანია sky residence, რომელიც ადგილზე 10-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს.