ჰელსინკის კომისია მიმართავს არა ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს – სწორედ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს 26 ოქტომბერს, ვინ უნდა წარმოადგენდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ამიტომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც კოალიციურ მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, თავი დავაღწიოთ ამ იზოლაციიდან და ავირჩიოთ ევროპული გზა, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ბეჟაშვილის თქმით, „საქართველოს იზოლაცია გულისხმობს ამ ქვეყნის რუსულ ორბიტაზე მოქცევას“.
„საქართველო ივანიშვილის ხელში ექცევა იზოლაციის ქვეშ და ეს იზოლაცია გულისხმობს რუსული გავლენების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას და ამ ქვეყნის მოქცევას რუსულ ორბიტაზე. ამიტომაა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები აწესებენ სანქციებს. ფარცხალაძის მიმართ აშშ-ის მთავარი ბრალდება გახლავთ, რომ სწორედ ის არის ამ ქვეყანაში რუსული გავლენის მთავარი აგენტი და დაკავშირებულია ივანიშვილის კლანთან. ის, რომ ჰელსინკის კომისია აღარ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და მიმართავს ქართველ ხალხს, ცხადია, რადგან დღეს ერთადერთი, ვისაც შეუძლია ლეგიტიმაცია შესძინოს ხელისუფლებას, ქართველი ხალხია. სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს 26 ოქტომბერს, ვინ უნდა წარმოადგენდეს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ, უნდა გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც კოალიციურ მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, თავი დავაღწიოთ ამ იზოლაციიდან და ავირჩიოთ ევროპული გზა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.